თქვენ ხართ თაღლითი - სამადაშვილი თადუმაძეს

13:01 10-09-2019
51

თქვენ ხართ თაღლითი,- ასე მიმართა საპარლამენტო მოსმენაზე დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა გენპროკურორს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, შალვა თადუმაძეს, რაზეც მისგან „მადლობა“ მიიღო პასუხად.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სამადაშვილს კორექტურობისკენ მოუწოდა, უმრავლესობის დეპუტატებმა კი აღნიშნეს, რომ მათი ოპოზიციონერი კოლეგა სიძულვილის ენით საუბრობს.

„ქალბატონო სალომე თქვენ იქცევით პარლამენტის წევრისთვის შეუფერებელი საქციელით. კეთილი ინებეთ, შესაბამისი ქცევით დასვით კითხვა. მე კითხვებში არ გზღუდავთ. ვთხოვ ეუთოს წარმომადგენლებს, რომლები ამ სხდომას ესწრებიან, ჩაინიშნონ, როგორ იქცევიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა საპარლამენტო მოსმენაზე.

შალვა თადუმაძის მოსმენა პარლამენტში 10:00 საათზე დაიწყო. მოსამართლეობის კანდიდატს პარლამენტთან ჟურნალისტები დახვდნენ და დიპლომის ირგვლივ აგორებულ სკანდალზე განმარტება მოსთხოვეს.

თადუმაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მხოლოდ პარლამენტში უპასუხებდა კითხვებს და დიპლომთან დაკავშირებული საკითხიც განმარტა.

მანამდე თინა ბოკუჩავამ პარლამენტში დოკუმენტი მიიტანა და ამტკიცებდა, რომ თადუმაძის დიპლომი ყალბია.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე დაინტერესდა, რომელ სახინკლეში დადიოდა თადუმაძე სტუდენტობის დროს.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგა ბოკერია დაინტერესდა, მოვიდა თუ არა შალვა თადუმაძე გასაუბრებაზე ნამეცადინები. და ამასთან, სამი კურსელის დასახელება მოსთხოვა.

სხდომაზე დასწრებას ითხოვდა მალხაზ მაჩალიკაშვილი. ის ამტკიცებდა, რომ უნდოდა თადუმაძისთვის თვალებში ჩაეხედა და ეკითხა, „რატომ ატყუებს ხალხს“.

მაჩალიკაშვილი შენობაში თინა ბოკუჩავამ შეიყვანა, თუმცა პროტესტის ნიშნად 15 წუთში პარლამენტის შენობა დატოვა.