გაიცანით ბიჭი, რომელმაც აფთიაქებში პრეზერვატივები დააზიანა და ხალხი აალაპარაკა - ექსკლუზიური ინტერვიუ

12:59 10-09-2019
4716

პროფესიით ეკონომისტმა, 30 წლის ახალგაზრდა  კაცმა რამდენიმე დღის წინ მთელი საქართველო აალაპარაკა. საზოგადოების მხრიდან მის მიერ გავრცელებულ ვიდეოს არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.  ზოგიერთები ფიქრობენ, რომ მან ამ გზით დემოგრაფიაზე იზრუნა. ზოგიც წერდა, რომ ვიღაც „მანიაკი“ კონტრაცეფციულ საშუალებას აზიანებდა და უკან, მაღაზიის თაროზე აბრუნებდა.  ნანახ კადრებზე ბევრიც ხალისობდა.

„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, რეალურად რა ჩანაფიქრი ჰქონდავიდეოს ავტორს, რატომ გადაწყვიტა მაინცდამაინც პრეზერვატივის დაზიანება და ამ გზით, რა მიზანს მიაღწია. ის ჩვენს კითხვებს პასუხობს და ამბობს - დავტესტე და გაამართლაო... როგორც ის განმარტავს, პრეზერვატივების განზრახ დაზიანება და მერე ვიდეოს გადაღება, გიორგი გოგეშვილისთვის სულ სხვა მიზანს ემსახურებოდა.

„ჩემი ჩანაფიქრი იმაში მდგომარეობდა, რომ მომხმარებლებისა და მაღაზიის მესვეურებისთვის კონკრეტული მაგალითით მეჩვენებინა, რა პროდუქცია სად უნდა იყოს განთავსებული და როგორ პირობებში. ეს მხოლოდ პრეზერვატივს არ ეხება, იგივეა ბავშვთა კვების საშუალებებიც. ამ ვიდეოს მეშვეობით, ბევრმა დაინახა, რომ შესაძლოა, ვიღაცამ ბოროტად გამოიყენოს დაზიანების შესაძლებლობა.

უბრალოდ საფრთხეებზე რომ მესაუბრა, მომისმენდნენ და ურეაქციოდ დატოვებდნენ. დავინახე რისკი, გავტესტე და გაამართლა, დიდი  გამოხმაურება მოჰყვა. სოციალური ქსელის მომხმარებლებმა სხვადასხვა დაწესებულებებს მიმართეს.

 სამართლებრივად რამდენად სწორია მაღაზიაში ნივთის დაზიანება?

-  ჩემს პრეზერვატივს რასაც მინდა იმას ვუზამ, შემთხვევით, რომ დამეზიანებინა, როგორც მომხმარებელი, ხომ ვიყავი ვალდებული რომ შემეძინა? ვიდეოში, მართალია, განზრახ დავაზიანე, მაგრამ რა თქმა უნდა, მაინც ვიყიდე. ამდენად, სამართლებრივად ვერავინ ვერაფერში მომედავება.

რაც შეეხება გამოხმაურებებს...

- ვინც ჩემი ვიდეო დადებით კონტექსტში გაავრცელა, კომენტარებიც დადებითი ჰქონდა. თუმცა, ვიღაცები წერდნენ, რომ აბორტების ცოდვა ჩემს კისერზე იქნება. გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ ადამიანების გარკვეული ნაწილი „მომბაძავს“ და მაღაზიებში ნივთებს დააზიანებს. შესაძლოა, ეს 1 %-მა გააკეთოს, სამაგიეროდ 99 % ფრთხილად იქნება.

ვფიქრობ, რომ ამ ტესტმა გაამართლა და უსაფრთხოების ზომებზე საზოგადოება დავაფიქრე. თუმცა, ვაღიარებ, რომ მსგავს ნეგატიურ დამოკიდებულებას არ ველოდი. მედიაშიც იყო გაშუქებული არასწორი ინტერპრეტაციით  - თითქოს მამაკაცი პრეზერვატივებს ხვრეტს და თაროზე აბრუნებს. რაც შეეხება ჩემს მეგორებსა და ოჯახის წევრებს, რამდენიმე მეგობარმა იცოდა და მათ წინასწარ საზოგადოების შესაძლო გამოხმაურებებზე ვესაუბრე კიდევ. ოჯახმა არ იცოდა და ვიდეოს გავრცელების შემდეგ, მეკითხებოდნენ, რატომ გინდა ხალხი გადარიოო.

-   რატომ მაინცდამაინც პრეზერვატივი?

-  რაც არ უნდა „დამეზიანებინა“ კითხვა მაინც გაჩნდებოდა, რატომ ის? თუმცა, პრეზერვატივი იმიტომ, რომ ეს ყველას ეხება -  ვისაც ჰყავს შვილი ან არ ჰყავს, ვინც ვენერიული დაავადებებისგან ან არასასურველი ორსულობისგან იცავს თავს. საზოგადოებას სექსის მიმართულება უფრო გულზე ხვდება“ - ამბობს „პრაიმტაიმთან“ გიორგი  გოგეშვილი.



ავტორი: თამარ ბუჩუკური