„მაჩალიკაშვილის საქმე ერთ-ერთი პრიორიტეტულია“ - შალვა თადუმაძე

12:42 10-09-2019

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მოქმედ გენპროკურორს კითხვით მიმართა დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ. ის დაინტერესდა 6 მაისს პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებით, სადაც აღნიშნული იყო, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება უახლოეს ორ თვეში გამოქვეყნდებოდა, თუმცა ასეთი გადაწყვეტილება დღემდე არ არსებობს.

“აღნიშნული საქმე ერთ-ერთი პრიორიტეტულია. სამწუხაროდ, საგამოძიებო მოქმედებები მხოლოდ პროკურატურის სისტემაში არ ხორციელდება. დაკითხულია თითქმის ყველა მოწმე, დამატებით გადაკითხულია მოწმეები, ვისაც ამის სურვილი ჰქონდა. მიმართულია ექსპერტიზებზე, შემაჯამებელი გადაწყვეტილებისთვის გარკვეული ინფორმაციის მიღებაა საჭირო“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ დეპუტატ თინა ბოკუჩავას კითხვის საპასუხოდ, რაზეც დეპუტატმა აღნიშნა, რომ „ეს არის ისეთივე ყალბი განცხადება, როგორც ბატონი თადუმაძის დიპლომი“.

შალვა თადუმაძის მოსმენა პარლამენტში 10:00 საათზე დაიწყო. მოსამართლეობის კანდიდატს პარლამენტთან ჟურნალისტები დახვდნენ და დიპლომის ირგვლივ აგორებულ სკანდალზე განმარტება მოსთხოვეს.

თადუმაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მხოლოდ პარლამენტში უპასუხებდა კითხვებს და დიპლომთან დაკავშირებული საკითხიც განმარტა.

მანამდე თინა ბოკუჩავამ პარლამენტში დოკუმენტი მიიტანა და ამტკიცებდა, რომ თადუმაძის დიპლომი ყალბია.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე დაინტერესდა, რომელ სახინკლეში დადიოდა თადუმაძე სტუდენტობის დროს.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგა ბოკერია დაინტერესდა, მოვიდა თუ არა შალვა თადუმაძე გასაუბრებაზე ნამეცადინები. და ამასთან, სამი კურსელის დასახელება მოსთხოვა.

სხდომაზე დასწრებას ითხოვდა მალხაზ მაჩალიკაშვილი. ის ამტკიცებდა, რომ უნდოდა თადუმაძისთვის თვალებში ჩაეხედა და ეკითხა, „რატომ ატყუებს ხალხს“.

მაჩალიკაშვილი შენობაში თინა ბოკუჩავამ შეიყვანა, თუმცა პროტესტის ნიშნად 15 წუთში პარლამენტის შენობა დატოვა.