2001 წელს თავისუფლების ინსტიტუტს ავყავდი მაგ დიპლომით ადვოკატად და იმ ორგანიზაციის წარმომადგენელი თქვენ იყავით - თადუმაძე გიგა ბოკერიას

12:09 10-09-2019
48

„ეგ ბირთვული იარაღის ფორმულა სადაც მომთხოვეს, საკუთარი ნებით გამოვაქვეყნე და ხელი მოვაწერე, რომ თანახმა ვარ გადაამოწმოთ მისი უტყუარობა, შეისწავლოთ მისი ნამდვილობა და შემდეგ შეგვიძლია ვილაპარაკოთ“, -ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ  საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ  თადუმაძის დიპლომი „ლამის ბირთვული იარაღის რაღაც საიდუმლო ფორმულად გაასაღეს“.

დიპლომთან დაკავშირებით, განსაკუთრებით თქვენგან მიკვირს ბატონო გიგა. 2001 წელს თავისუფლების ინსტიტუტს ავყავდი მაგ დიპლომით ადვოკატად სამხედრო მოსამსახურეების დარღვეულ უფლებაზე და იმ ორგანიზაციის წარმომადგენელი თქვენ იყავით. ცოტა უხერხულია, თქვენ მელაპარაკებით მე კვალიფიკაციაზე და იურისტის დიპლომზე. მიზანი არის ის, რომ თქვენ შექმნათ ახლა ის ლეგენდა“,- აღნიშნა შალვა თადუმაძემ.

ბოკერია დაინტერესდა, მოვიდა თუ არა შალვა თადუმაძე გასაუბრებაზე ნამეცადინები. და ამასთან, სამი კურსელის დასახელება მოსთხოვა.

შალვა თადუმაძის მოსმენა პარლამენტში 10:00 საათზე დაიწყო. მოსამართლეობის კანდიდატს პარლამენტთან ჟურნალისტები დახვდნენ და დიპლომის ირგვლივ აგორებულ სკანდალზე განმარტება მოსთხოვეს.

თადუმაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მხოლოდ პარლამენტში უპასუხებდა კითხვებს და დიპლომთან დაკავშირებული საკითხიც განმარტა.

მანამდე თინა ბოკუჩავამ პარლამენტში დოკუმენტი მიიტანა და ამტკიცებდა, რომ თადუმაძის დიპლომი ყალბია.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე დაინტერესდა, რომელ სახინკლეში დადიოდა თადუმაძე სტუდენტობის დროს.

სხდომაზე დასწრებას ითხოვდა მალხაზ მაჩალიკაშვილი. ის ამტკიცებდა, რომ უნდოდა თადუმაძისთვის თვალებში ჩაეხედა და ეკითხა, „რატომ ატყუებს ხალხს“.

მაჩალიკაშვილი შენობაში თინა ბოკუჩავამ შეიყვანა, თუმცა პროტესტის ნიშნად 15 წუთში პარლამენტის შენობა დატოვა.