ხვალიდან თბილისის ქუჩებში გრძელი მწვანე ავტობუსები გამოჩნდება

11:12 10-09-2019
7

თბილისის მერმა კახა კალაძემ მოსახლეობას ახალი მწვანე ავტობუსები წარუდგინა. 

მისი თქმით, თბილისში „ისუზუს“ მარკის 60 ახალი მუნიციპალური ავტობუსი იმოძრავებს.

ახალი ავტობუსები თბილისის ქუჩებში ხვალიდან გამოჩნდება. 

„რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩავანაცვლოთ ყვითელი ავტობუსები. შიდა დიზაინი ჩვენით შევარჩიეთ, ყველანაირი კომფორტია მძღოლისთვის, ასევე ავტობუსი აღჭურვილია კამერებით, არის მოცემული მონიტორები“, - განაცხადა თბილისის მერმა.  

ავტობუსში განთავსებულია როგორც უსადენო ინტერნეტის (wifi)  მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის ინტერნეტ  სიგნალით დაფარვას, ასევე არის თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის საინფორმაციო ხმოვანი სისტემები. ავტობუსის სალონში დამონტაჟებულია ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემა და მობილური ტელეფონის დასატენად კვების წყარო.

პირველად, 12 ძველი „ბოგდანი“ N34 წყნეთი – სადგურის მოედნის მარშრუტზე შეიცვლება. რამდენიმე დღის ინტერვალით კი, ახალი ავტობუსები შემდეგ მარშრუტებზე გავლენ: N28 – სვანეთის უბანი – მარჯანიშვილის მოედანი – 4 ერთეული; N42 – იყალთოს გორა – ბარათაშვილის ქუჩა – 4 ერთეული; N56 – ორხევი –მეტროსადგური „ისანი“ – 5 ერთეული; N66 – სადგურის მოედანი – შატბერაშვილის ქუჩა (ზემო ვაკე) – 3 ერთეული; N78 – სადგურის მოედანი – ჯაფარიძის ქუჩა (ზემო ვერა) – 4 ერთეული; N108 – სოფ. გლდანი –მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ – 4 ერთეული.