სასტუმრო მერიის ნაცვლად - ქუთაისის მერის შენობა შესაძლოა გაიყიდოს

11:08 10-09-2019
91

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობა შესაძლოა გაიყიდოს. პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, შენობაში ადმინისტრაციული უწყების სანაცვლოდ, შესაძლოა ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო განთავსდეს.

მერიაში ამ ინფორმაციას თავდაპირველად არ ადასტურებენ. თუმცა, მოგვიანებით, ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ განმარტა, რომ მერიის შენობა „ამ წუთში არ იყიდება“.

შენობის შესაძლოა გასხვისების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას ადგილობრივი ოპოზიციის წევრები თვითმმართველობის წარმომადგენლებს სთხოვდნენ, რაზეც პასუხი მხოლოდ ის მიიღეს, რომ აღნიშნულზე დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გახდებოდა ცნობილი.

მერიის შენობის შესაძლო გასხვისების შესახებ ინფორმაცია ეტაპობრივად ვრცელდებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, ადმინისტრაციული ორგანოს გადატანა ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, მთავრობის სახლის ყოფილ შენობაში იგეგმებოდა. ბოლოს, შენობაში პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ სასტუმროს გახსნის შესახებ ინფორმაცია „ნიუპოსტმა“ გაავრცელა. გამოცემის ცნობით, მერიის თანამშრომლების აუდიტის სამსახურის შენობაში გადაყვანა იგეგმება, რაც აუდიტის სამსახურში არ დაადასტურეს.

ქუთაისის მერიის ოთხსართულიანი შენობა ქალაქის ბალანსზეა. შენობა ძირითადი და დამატებითი კორპუსებისგან შედგება, სადაც მერიის ააიპები, გუბერნია და საკრებულო არის განთავსებული. შენობის მთლიანი ფართი 3279 კვ.მ-ია.

ავტორი: თეონა აბესაძე