Exclusive რას ასწრებს „შინდისის“ რეჟისორი ბერლინში დაბრუნებამდე?

18:22 10-08-2019
89

 ფილმ „შინდისის“ ევროპული პრემიერა ვარშავაში 11 ოქტომბერს გაიმართება. დიტო ცინცაძის ფილმი ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მოხვდა. 

ემოციური ფილმია, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მომხდარ რეალურ ამბავზე დაფუძნებული, ცრემლით სანახავი. თუმცა ზედმეტი პათეტიკისგან და გადაჭარბებული ემოციებისგან თავისუფალი. ეს არ არის ფილმი სუფთად ომზე, ეს არის ამბავი გმირის რანგში აყვანილ ადამიანებზე, რომლებიც თავიანთი ზნეობით და მორალით უკეთეს ადამიანად გაქცევენ.

ფილმი საქართველოს კინოთეატრებში სექტემბრის ბოლოდან გადის. კინოგაქირავებიდან შემოსული თანხა, როგორც ფილმის პროდიუსერმა ედმონდ მინაშვილმა თქვა, შინდისში გმირების სახელზე აგებული ტაძრის მოხატვას მოხმარდება. 

ფილმს "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიალის უცხოური ფილმების ნომინაციაში მოსახვედრად ბრძოლა წინ აქვს. 

რეჟისორი დიტო ცინცაძე 1997 წლიდან ბერლინში ცხოვრობს. სამშობლოში მისი ბოლო ორი ნამუშევარია „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“ და „შინდისი“. 

 „პრაიმტაიმმა“ გაარკვია, რომელია თავად რეჟისორის საყვარელი სცენები „შინდისში“, მისი აზრით, რა არის გმირობა, როდემდე რჩება სამშობლოში...?

დიტო ცინცაძე: - „შინდისში“ ჩემი საყვარელი სცენებია ვერტმფრენის ფრენისას დაჭრილს რომ მალავენ. ასევე მომწონს ბადრის ცოლის ბანაობის სცენა. სიყვარულის და სინაზის მომენტია. ომში თუ სინაზე შერჩათ ადამიანებს, ამ უნარის გამოვლინებაა აქ ასახული. სარკის სცენა მომწონს, მაკიაჟს რომ იკეთებს... 

- მცირე ბიუჯეტი ჰქონდა ფილმს, ამან ფილმის ხარისხზე იმოქმედა? 

- კარგი კითხვაა. რა საკვირველია, ერთი კვირით მეტხანს რომ მქონოდა გადაღებები, ნაკლები ციებ-ცხელება იქნებოდა და ცხადია, ფილმი უკეთესი იქნებოდა. მაგრამ ჩარჩო გამოსავლის მოძებნაში გეხმარება. ხანდახან მატერიალური სირთულე შემოქმედებით გამოწვევას გიკეთებს. 

- თქვენი აზრით, გმირობა რა არის?

- გმირობა არის გაწერილ დროში რომ შიშს და გაჭირვებას ძლევ, არააფექტურად, არამედ შეგნებით. ჩემი ფილმები ძირითადად ანტიგმირებზეა. „შინდისი“ გმირებზეა! 

- ახალი ეტაპი დადგა?

- ახალი ეტაპია. პირველად გადავიღე ფილმი გმირებზე. სულ უარყოფით გმირებზეა ჩემი ფილმები.

- გერმანიაში როდის ბრუნდებით?

- ნოემბერში.

- სამშობლოში ყოფნის დროს რის მოსწრებას ცდილობთ? რას აკეთებთ?

- ძალებს ვიკრებ. ახლობლებს ვხვდები. და-ძმა, დედა, ქალიშვილები - აქ მყავს ყველა. მათთან ვატარებ დროს. ძმაკაცები და მეგობრები აქ მყავს. თბილისში მიყვარს ყოფნა... ძალებს აღვიდგენ და წავალ.

- ბერლინში დაბრუნებულს რა გაქვთ დაგეგმილი?

- მაქვს ორი პროექტი. გაისად უნდა გადავიღო ფილმი.

- რა მოგცათ გერმანიაში ცხოვრების წლებმა?

- სიმშვიდე. მე გურული ვარ, მშვიდი ვერ ვარ, იქაური გარე სიმშვიდე კი საოცრად მჭირდება. ბერლინში იმდენი ვალდებულება არ მაქვს, რამდენიც აქ. ზოგჯერ გერმანული სიმშვიდე მოსაბეზრებელიც ხდება და გასაცოცხლებლად თბილისში ჩამოვდივარ. 

 

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე