სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის პროექტი დასრულებულია

16:52 10-08-2019
12

სოხუმის აეროპორტის კაპიტალური რემონტის და რეკონსტრუქციის პროექტი მზადაა და დამპროექტებლების მიერ დამტკიცებულია. ამის შესახებ რადიო „აბხაზიას“ აეროპორტის დირექტორმა, ვიაჩესლავ ეშბამ განუცხადა.

„მთავრობის დავალების თანახმად, დამპროექტებლებმა შეადგინეს ობიექტის რეკონსტრუქციის გეგმა. ახლა უკვე რჩება საკითხის ფინანსური მხარე და აეროპორტის ეტაპობრივი რეკონსტრუქცია“, - აღნიშნა ეშბამ.

მისივე ცნობით, პროექტი საჰაერო ტრანსპორტის სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა „ლენაეპროექტმა“ შეიმუშავა.

„საბჭოთა პერიოდში ამ ორგანიზაციამ დააპროექტა აეროპორტი ნულიდან. მათ იციან ეს საქმე. თავდაპირველად ისინი ასაფრენ-დასაფრენი ზოლს მოჰკიდებენ ხელს. რა თანხა დასჭირდება ამ სამუშაოების შესრულებას, ვერ ვიტყვი, თუმცა პროექტის შესაბამისი დაფინანსების შემთხვევაში, ის წელიწად-ნახევრიდან ორ წლამდე გასტანს“, - თქვა სპეციალისტმა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ ხელი მოაწერა დადგენილებას, რომლის თანახმად, „არძინბას სახელობის საერთაშორისო აეროპორტის აეროდრომს“ მიენიჭა ერთობლივი ბაზირების სტატუსი, რაც ითვალისწინებს აეროდრომზე სამოქალაქო და სახელმწიფო თვითმფრინავების განთავსებას. გარდა ამისა, სოხუმის აეროპორტს მიენიჭა საერთაშორისო ოთხასოიანი კოდი, რომელსაც რუსეთის აერონავიგაციის საინფორმაციო კრებულში შეიტანენ.

ავტორი: თეა შონია