რა აღიარა თავისი ხელმოწერით სააკაშვილის ხელისუფლებამ 2008 წელს

16:45 10-08-2019
345

ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში - ამირან სალუქვაძე ქართველ ჯარისკაცებთან და ჰააგის სასამართლოსთან დაკავშირებულ თემას აფასებს და იმ რეზოლუციას გვაცნობს, რომელზეც, თავის დროზე, სააკაშვილის ხელისუფლებამ მოაწერა ხელი.

მისი განცხადებით, ეს რეზოლუცია იურიდიული დოკუმენტია, რომელიც ბევრჯერ დაგვხვდება წინ. ხალხი ახლაც არ იცნობს ამ ტექსტს. თუ ვინმე ამ ბრალდებებიდან რაიმეს გააჟღერებს, მოღალატეს ეძახიან.

„ძალიან ცუდია, როდესაც მუდმივად ეხებიან ჯარს, ოფიცრებს. ყველაზე მძიმედ მოსასმენი იყო ცრუ ჩვენებების თემა, რომელზეც ყოფილმა პრეზიდენტმა არცთუ დიდი ხნის წინ, ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერით ისაუბრა, თითქოს ოფიცერს შეიძლება აიძულო მისცეს ცრუ ჩვენება, რაც წარმოუდგენელია, რადგან ეს იგივეა, როგორც ფიცის გატეხვა, ოფიცრის ღირსების შელახვა. ოფიცრების მისამართით მსგავსი ტიპის განცხადებები გაკეთება შეურაცხმყოფელია.

ჩემი ინფორმაციით, ეს გამოძიება თავად ჰააგამ გაიწვია. დარწმუნებული ვარ ჩვენს სამხედროებს არაფერი ემუქრება. თუ კითხვებზე პასუხების გაცემა მოუწევთ, მათ შორის, რუსეთის არმიის ქმედებებთან დაკავშირებით, ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ და მათი დაკავების საშიშროება არ არსებობს. ამას 1%-თაც არ ვუშვებ. ამიტომ, არაა საჭირო სამხედროებით სპეკულირება.

მიკვირს, იმ ადამიანებისგან, რომლებმაც ფაქტობრივად სანქცია მისცეს, რომ იქ მყოფ დელეგაციას, ევროსაბჭოს ვგულისხმობ, საქართველოსთვის უმძიმესი რეზოლუციისთვის მოეწერათ ხელი, რომელიც 2008 წელს იქნა მიღებული და რომლის თანახმად, ევროსაბჭო ბრალს გვდებს იმაში, რომ ჩვენ გამო, კონფლიქტი გადაიზარდა ფართომასშტაბიან სამხედრო მოქმედებებში, რომ ჩვენ, გაუფრთხილებლად დავბომბეთ ცხინვალი, რითაც საფრთხე შეექმნა ადგილობრივ მოსახლეობას. ეს მძიმე ბრალდებაა; ევროსაბჭო ასევე ბრალს გვდებს ერთ-ერთ მძიმე დანაშაულში - კასეტური ბომბების გამოყენებაში. როგორ შეიძლებოდა ამაზე ხელის მოწერა? რატომ ჰგონიათ, რომ ასეთ საკითხებს ევროპა და ჰააგა ყურადღების მიღმა დატოვებს და არ გამოიძიებს. ამას ამართლებენ იმით, რომ ჩვენ ამ რეზოლუციით რუსეთი ოკუპანტად ვცანითო, მაგრამ რუსეთი ისედაც იქნებოდა ოკუპანტად ცნობილი, რადგან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მთელი მსოფლიო აღიარებს. აი, რეზოლუცია, რომელიც იურიდიული დოკუმენტია, რომელიც ბევრჯერ დაგვხვდება წინ:

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია 1633 (2008) საქართველოსა და რუსეთს შორის ომის შედეგები

„2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხდებოდა მისი ტერიტორიის ფარგლებში და როგორც ასეთი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების დარღვევას, კონფლიქტები გადაწყვიტოს მშვიდობიანი საშუალებებით.“

ხალხი ახლაც არ იცნობს ამ ტექსტს. თუ ვინმე ამ ბრალდებებიდან რაიმეს გააჟღერებს, მოღალატეს ეძახიან. ალბათ იმიტომ, რომ ეს რეზოლუცია გადაფარონ.  ჩემთვის ამ რეზოლუციის ტექსტი და ბრალდებები საქართველოს მისამართით, მიუღებელია“, – აცხადებს ამირან სალუქვაძე.

„აქცენტი, რაზეც დღევანდელმა ხელისუფლებამ იმუშავა, რუსეთის წინააღმდეგაა და არა საქართველოს წინააღმდეგ, რადგან ჩვენი მოსახლეობის ეთნიკური წმენდა განხორციელდა, ჩვენი მოქალაქეების უფლებები დაირღვა, ჩვენს ტყვეებს ექცეოდნენ ომის კანონების დარღვევით. მხოლოდ გიორგი ანწუხელიძეა საკმარისი, რომ პასუხი აგონ. ამაზე უნდა ვისაუბროთ გადაცემებში, თუ რა დანაშაულები ჩაიდინა რუსეთმა“, – აღნიშნა ბრიგადის გენერალმა.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 27 სექტემბერს, საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ  იუსტიციის სამინისტრომ მოიპოვა ცრუ ჩვენებები 2008 წლის ომთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ  მათი მთავარი მიზანი ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ქართველი სამხედროების გამტყუნებაა.

 

ავტორი: თამთა დადეშელი