შალვა თადუმაძემ ინსტიტუტი ექსტერნად დაამთავრა?! - რა ეწერა მაშინდელ კანონში

16:20 10-08-2019
105

გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის დიპლომი კიდევ ერთხელ გახდა ვნებათაღელვის მიზეზი მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ 1994 წელს დაფუძნებულ ინსტიტუტში თადუმაძე 1993 წელს ჩაირიცხა.

„პრაიმტაიმმა“ მოქმედი გენპროკურორის და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის სკანდალურ დიპლომთან დაკავშირებით სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას განმარტებისთვის მიმართა, სადაც განაცხადეს:

„თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტმა ლიცენზია მიიღო 1994 წლის 25 აგვისტოს და აღნიშნული ლიცენზიის ფარგლებში, დაწესებულებას უფლება მიეცა განეხორციელებინა  რიგი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები, მათ შორის, სამართალმცოდენობის საგანმანათლებლო პროგრამა. ამ უმაღლეს სასწავლებელს ჰყავს იურიდიული კვალიფიკაციის კურსდამთავრებულები და ბრძანებებსა  და ფაკულტეტების სახელმწიფო საგამოცდო კომისიის სხდომის ოქმებში დაცულია ეს  ინფორმაცია“, - განმარტავენ განათლების მართვის სისტემაში.

რაც შეეხება სადაო წლებს, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, ამ საკითხზე განმარტებას არ იძლევა, თუმცა განათლების სფეროს ექსპერტები ასეთ ვარაუდს გამოთქვამენ:

ცნობილია, რომ  მაშინდელი ,,განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, განათლების მიღება შესაძლებელი იყო ექსტერნატის ფორმით და მოქალაქეს უფლება ჰქონდა მიეღო განათლება ექსტერნად და გაეარა ატესტაცია (მათ შორის, გამოსაშვები) სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე საგანმანათლებლო დაწესებულების ნებისმიერ კლასში, ან თუნდაც კურსზე. იმდროინდელი კანონმდებლობის გათვალისწინებით უნდა ვივარაუდოთ, რომ თადუმაძემ ზემოხსენებულ სასწავლებელი ექსტერნად დაამთავრა და ხუთწლიანი კურსის ნაცვლად სწავლობდა 4 წელი, დიპლომში კი ეს აისახა, როგორც სრული ხუთწლიანი კურსი 1993-1998 წლების მითითებით.

განათლების სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ შეიძლება მხოლოდ ამით აიხსნებოდეს თადუმაძის დიპლომში არსებული შეუსაბამობა, სხვა შემთხვევაში, მათთვისაც გაუგებარია, როგორ აღმოჩნდა შალვა თადუმაძე გენერალური პროკურორის თანამდებობაზე, მით უმეტეს, რომ მანამდე ის გახლდათ მთავრობის საპარლამენტო მდივანი, პრემიერ მინისტრის ადმინისტრაციის უფროსი და პრაქტიკოსი ადვოკატი, რომელსაც წესით ჩაბარებული უნდა ჰქონდეს ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდები.

„პრაიმტაიმმა“ შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებულ ვნებათაღელვაზე კომენტარის გაკეთება სთხოვა მთავარ პროკურატურასაც, თუმცა უწყებაში განგვიმარტეს, რომ ყველა კითხვას თავად შალვა თადუმაძე ხვალ დეტალურად უპასუხებს.