გალში ძალიან მალე მექნება სახელოსნო - ახალგაზრდა ხელოვანი, რომლის პროდუქცია სოხუმში იყიდება

15:00 10-08-2019
48

გალის რაიონი სოფელ საბერიოს მკვიდრი მალვინა კოტუა, ბოლო 5 წელია საკუთარ საწარმოში ხელნაკეთ ნივთებს, სამკაულებს და სხვადასხვა დეკორაციებს ამზადებს.

როგორც ის „პრაიმტაიმს“ უყვება, მის მიერ წარმოებულ პროდუქციაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება.

„ამ ეტაპზე ვამზადებთ ხელით მოძერწილ ჩანთებს, მოხატულ ჩანთებს, საფულეებს, სამკაულებს, ვაფორმებთ ჭურჭელს, სუვენირებს როგორც ხის ასევე პოლიმერული თიხისგან დამზადებულს. ძალიან მიყვარს აფხაზეთის თემატიკაზე მუშაობა და ეს ეტყობა როგორც ჩემს ჩანთებს, ასევე სამკაულებს. მაქვს გაკეთებულ ჩანთა, რომელსაც აწერია „იქ ჩემი სახლი ოკუპირებულია“, რომელიც ხალხმა საკმაოდ აიტაცა და მოთხოვნადი გახდა. ვიყენებ პოლიმერულ თიხას,რომელიც იძერწება და მუშავდება ხელით, შემდეგ უკვე ვაძლევთ სასურველ ფორმას და ბოლოს სპეციალურ ღუმელში ვწვავ. ვარ ჩართული სხვადასხვა გამოფენებშიდა პროექტებში. ახლა უკვე მაქვს ჩემი ორგანიზაცია Hands for peace / „ხელები მშვიდობისთვის“, რომელიც დავაარსე მეგობრებთან ერთად და რომელიც ემსახურება შშმ პირებისა და სოციალურად მოწყვლადი ჯგუფებისთვის სხვადასხვა ხელსაქმის შესწავალასა და მეწარმეობის კუთხით განვითარებას ბენეფციარებისთვის“,-ამბობს იგი.

ახალგაზრდა ხელოვანი ხშირად დადის აფხაზეთში.

„აფხაზეთი ჩემთვის არის სახლი. ენგურს გაღმა სულ სხვა ჰაერია, სულ სხვა ფერია იქაურობა ჩემი მშობლები და მეუღლის მშობლებიც დღემდე იქ ცხოვრობენ და ჩვენც ძალიან ხშირად გვიწევს იქ ყოფნა და ბედნიერი ვარ, რომ დღემდე მაქვს ამის შესაძლებლობა, რომ ვიყო აფხაზეთში. ჩემს ოცნებას ვისრულებ და გალში ძალიან მალე მექნება სახელოსნო, სადაც, როგორც გაკვეთილებს ჩავატარებთ, ასევე გაიყიდება ჩვენთან წარმოებული ნივთები. ამაში კი დამეხმარა „usaid yes Georgia“, რომელიც განახორციელა ფონდმა კრისტალმა. ჩემი ნივთები იყიდება სოციალურ გვერდზე, სადაც ვიღებთ შეკვეთებს და ვამზადებთ სასურველი დიზაინით“, - ამბობს იგი.

ახალგაზრდა მეწარმის პროდუქცია იყიდება თბილისში, ბათუმსა და სოხუმში.

 

ავტორი: თეა შონია