ტრამპი თურქეთს ეკონომიკური განადგურებით დაემუქრა

13:34 10-08-2019
37

აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებით, თუკი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სირიაში საომარი მოქმედებებით „ზღვარს გადავა“, იგი თურქეთის ეკონომიკას გაანადგურებს.

დონალდ ტრამპმა მუქარის შემცველი გზავნილი მას შემდეგ გააჯღერა, რაც მის გადაწყვეტილებას, სირიიდან ჯარების გაყვანის შესახებ მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

აშშ-ს პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა:

„გავდივართ ამ დაუსრულებელი, უაზრო ომებიდან. თურქეთს, ევროპას, სირიას, ირანს, ერაყს, რუსეთსა და ქურდებს მოუწევთ ამიერიდან თავად გაარკვიონ სიტუაცია“.

ამერიკული ჯარები სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ წლების განმავლობაში იბრძოდნენ და მათი მთავარი მოკავშირე ქურთი მებრძოლები იყვნენ, რომელთაც თურქეთი ტერორისტებად მიიჩნევს.

აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას სირიიდან ჯარების გაყვანაზე, არამხოლოდ თანაპარტიელების კრიტიკა მოჰყვა, არამედ ქურთების განაწყენებაც.

ქურთმა მებრძოლებმა ტრამპის საქციელს „ზურგში დანის ჩაცემა“ უწოდეს. ეს პოზიცია გაამყარა ტრამპსა და ერდოღანს შორის შემდგარმა სატელეფონო საუბარმა, რომლის დროსაც თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იგი დაუყოვნებლივ დაიწყებს სამხედრო ოპერაციას ჩრდილოეთ სირიაში, რამდენადაც იქ ამერიკული ჯარები უკვე აღარ იქნებიან“. ქურთი მებრძოლები კი სწორედ სირიის ამ ნაწილს იკავებენ.

ამერიკული ჯარების გასვლით, ქურთ მებრძოლებს, ანუ შტატების მოკავშირეებს, თურქეთის მხრიდან პირდაპირი საფრთხე ექმნებათ.

ქურთი მებრძოლების მხრიდან გაჟღერებული ბრალდებებისა და თანაპარტიელების კრიტიკის ფონზე, დონალდ ტრამპმა ახალი განცხადება გააკეთა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თურქ კოლეგას მიმართა:

„თუკი თურქეთი ისეთ რამეს გააკეთებს, რაც ჩემი გონივრული აზრით, ზღვარს გასცდება, სრულად გავანადგურებ და ამოვძირკვავ თურქეთის ეკონომიკას (ეს ადრეც გამიკეთებია!).

აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა თურქეთს, არ განახორციელოს არაადამინური ქმედებები და რომ ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნება ერდოღანს, თუკი ამერიკის მოკავშირეებს ცუდად შეეხება.

თურქეთს უკვე დიდი ხანია რაც ქურთ მებრძოლებზე თავდასხმის და მათი განადგურების გეგმა აქვს. ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაციის დასაწყებად ყველაფერი მზადაა.



ავტორი: მარიამ გიგანი