მგონია, ყველა ემოცია წამართვეს და გამანადგურეს - თამთა თოდაძე

00:28 10-08-2019
825

ბოლო რამდენიმე დღეა, საზოგადოება მის ცხოვრებას აქტიურად განიხილავს. ზოგი სოლიდარობას უცხადებს, ზოგიც კიცხავს. უკვე იმდენი რამ ითქვა, ძნელია მითის და რეალობის გარჩევა...

ბოლო დღეების ერთ-ერთი სკანდალური თემის მთავარი ფიგურანტი თამთა თოდაძე, „პრაიმტაიმს“ გულახდილ ინტერვიუს აძლევს. ამბობს, რომ იქამდე იბრძოლებს, სანამ მას პროკურატურა დაზარალებულად, ხოლო საკრებულოს დეპუტატს ილია ჯიშკარიანს დამნაშავედ არ ცნობს.

28 წლის თამთა თოდაძე უკვე ყოფილ თანამშრომლებს „პრაიმტაიმის“ მეშვეობით პასუხობს, რომლებიც მას სიცრუეში ადანაშაულებენ

„პირველ რიგში, ჩემს ყოფილ თანამშრომლებს ვუპასუხებ, რომ არავინ არ ყოფილა მოწმე, როდესაც ეს ფაქტი მოხდა.  ყველა ცდილობს, რომ გაამართლოს თავისიანი. ადრეც ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ იქ დასაქმებულები ილია ჯიშკარიანის ახლობლები არიან. ობიექტურად მოაზროვნე ადამიანი მაგ ბიუროში არ მუშაობს. აქედან გამომდინარე, ყველა იტყვის იმას, რაც ილია ჯიშკარიანს სურს, რადგან ილია ჯიშკარიანისა და მისი მეუღლის ნათესავები, მეგობრები და ახლობლები არიან. მისი თანაშემწე, მამუკა გოგსაძე, ჯიშკარიანის ბიძაშვილის შვილია. ბიუროს უფროსი, ნინო კვარაცხელია, ჯიშკარიანის მეუღლის საუკეთესო დაქალია, რომელიც მას ბავშვობიდან მოჰყვება. კიდევ ერთი თანამშრომელი ქალბატონი ინგაც, ილიას ახლობელი და მეზობელია. ეს ქალბატონი მხოლოდ იმიტომ მუშაობს ბიუროში, რომ ჯიშკარიანს ყავა მოუდუღოს.

- თქვენ როგორ დასაქმდით ილია ჯიშკარიანის ბიუროში?

- 2017 წლის არჩევნებზე ილია ჯიშკარიანს ვეხმარებოდი, რომ აეღო ეს მანდატი. მაშინ ძალიან ბევრი ვიმუშავე იმისათვის, რომ ჯიშკარიანი დღეს ყოფილიყო თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი. ასე ვთქვათ დაფასების კუთხით იყო გამოყოფილი ჩემი შტატი. ადრეც მიფიქრია და განსაკუთრებით ამ ფაქტის შემდეგ ვფიქრობ, რომ შეიძლება იმის გამო ამიყვანეს სამსახურში, რომ ბიუროს დარაჯი ჰყოლოდა. ბოლო დღეებში ძალიან ბევრმა დასვა შეკითხვა: რატომ იყავი სამსახურში სამუშაო საათებში მარტო? აბსოლუტურად ლოგიკურია კითხვაა. იმ დროს, წესით ყველა თანამშრომელი სამსახურში უნდა ყოფილიყო. როცა ყველა თანამშრომელი ახლობელია, მათ არ აქვთ პასუხისმგებლობა სამუშაო საათებში იყვნენ ადგილზე და მუშაობდნენ.

- ანუ სამუშაო საათებში, ხშირად გადიოდნენ თანამშრომლები სამსახურიდან და თქვენ ყოველთვის იყავით სამსახურში?

- დიახ. სხვა სამსახურებშიც, სადაც  მიმუშავია, ყოველთვის პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი საქმეს. არჩევნების პერიოდში, მას ძალიან ბევრი ადამიანი ეხმარებოდა, მაგრამ ხომ ვერ დაასაქმა? მე დავიმსახურე, ძალიან ბევრი გავაკეთე იმისათვის, რომ ის ამ თანამდებობაზე ყოფილიყო. დიდი პასუხისმგებლობაც მაქვს და შრომისუნარიანობაც... თვითონ გამცეს პასუხი ჯიშკარიანმა, როგორც უფროსმა, რატომ არ ჰქონდა ისეთი სისტემა, სადაც თანამშრომლებს უნდა ევლოთ დილიდან საღამომდე?

- ორი წელი მუშაობდით ჯიშკარიანთან, როგორი იყო ის თანამშრომლებთან ურთიერთობაში?

- ზოგადად, ჩემთან დამოკიდებულებაში, არ იყო მოძალადე, მსგავს ფაქტს ადრე არ ჰქონია ადგილი. იყო მეგობრული ადამიანი.

- ხშირად იყო სამსახურში ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ილია ჯიშკარიანი?

- კი, დალევა ნამდვილად უყვარდა. ექსპერტიზამ უკვე ამოიღო ალკოჰოლური სასმელის ბოთლი, საიდანაც ილია ჯიშკარიანი იმ დღეს სვამდა. ამის გარდა, ოთახში ძალიან ბევრი სხვა ალკოჰოლური სასმელის ცარიელი ბოთლი იყო, რადგან ამ ადამიანს ძალიან უყვარდა დალევა. მესმის, რომ ახლა ცუდად არის და საავადმყოფოშია, მაგრამ ძალიან საინტერესოა, როცა ძალადობდა, ან როცა სვამდა ალკოჰოლს, მაშინ რატომ არ იყო ცუდად?!  

- მის ოჯახს თუ იცნობთ?

- დიახ, მისი ოჯახის ყველა წევრს ვიცნობ. არაჩვეულებრივი მეუღლე ჰყავს, ქალბატონი ნანა. მის შვილთან ჯაბა ჯიშკარიანთან ვმეგობრობდი და ძალიან მაინტერესებს მისი კომენტარი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. ვიცნობ ილიას მეორე შვილსაც, ასევე რძალს, შვილიშვილსაც კი. ისეთი ურთიერთობა არ გვქონდა, რომ მე მათთან ოჯახში მევლო, თუმცა არჩევნები რომ დასრულდა, ჩემმა ოჯახმა უმასპინძლა ილია ჯიშკარიანს, მის შვილსა და ჩვენი ბიუროს თანამშრომლებს. ჯიშკარიანების ოჯახს არჩევნებამდე არ ვიცნობდით და გვინდოდა, რომ ოჯახებით დავახლოვებულიყავით. მერე გავარკვიეთ, რომ მე და ბატონი ილიას შვილი, ჯაბა ერთ ბაღში დავდიოდით. რაც შეეხება ილია ჯიშკარიანის მეორე შვილს, ბექას, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობს, მას შორიდან ვიცნობ, ჩვენი სახლები ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან.

- სხვა მეზობლები თუ შეგხვდნენ ამ დღეებში და როგორია მათი დამოკიდებულება?

- იმ ფაქტის შემდეგ, თითქმის სახლში არ ვარ. ეს კვირა ექსპერტიზებსა და დაკითხვებს მოვუნდი. ჩემი ინტერესია, რაც შეიძლება მალე მოხდეს იმ მტკიცებულებების ამოღება, რომ მალე მოხდეს ჩემი დაზარალებულად ცნობა და შემდგომში უკვე საქმის წარმოება, ისე, რომ სამართალმა იზეიმოს. უბანში მეზობლები შემხვდა, რომლებიც მითანაგრძნობენ.

- თამთა, უამრავი ადამიანი გამოჩნდა შენს ცხოვრებაში, რომლებიც თანადგომას გიცხადებენ და ამ ბრძოლაში შენთან ერთად არიან. მაშინ როცა მარტო რჩები, რა ხდება...

- როცა მარტო ვრჩები, მინდა, რომ დავიმალო. მინდა, რომ არ ვარსებობდე. ჩემთვის ის ფაქტი ძალიან სერიოზული სტრესია. როცა მარტო ვარ მგონია, რომ წამშალეს და გამანადგურეს. მგონია, რომ ენერგია და ყველა ემოცია წამართვეს და დავრჩი მხოლოდ ფუნდამენტი, რომელიც უბრალოდ არსებობს...  თუმცა ჩემი ფსიქოლოგი მეუბნება, რომ ამ ყველაფერს ვუშველით. როცა ჩემს ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან, მეგობრებთან და მხარდამჭერებთან ერთად ვარ, მაშინ სიძლიერე მემატება... მტერსაც კი არ ვუსურვებ იმას, რაც მე გამოვიარე იმ კონკრეტულ სიტუაციაში.

შეგახსენებთ, რომ თოდაძე მის უფროსს, თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს ცემასა და სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.  მისი მხარდასაჭერი აქცია, რამდენიმე საათის წინ საქართველოს მთავარ პროკურატურასთან გაიმართა. აქციის ორგანიზატორების მოთხოვნა ჯიშკარიანის დამნაშავედ ცნობა და დაკავება იყო.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი