„დააკავე მოძალადე“ - აქციის მონაწილეები თოდაძის დაზარალებულად და ჯიშკარიანის ბრალდებულად ცნობას მოითხოვენ

20:27 10-07-2019
21

„დააკავე მოძალადე“ - ამ შეძახილებით თამთა თოდაძის მხარდამჭერები პროკურატურას ილია ჯიშკარიანის დაკავებისკენ მოუწოდებენ.

ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარისა“ და მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით ამ წუთებში მთავარ პროკურატურასთან აქცია იმართება, სადაც აცხადებენ, რომ ძალადობის მსხვერპლის, თამთა თოდაძის ინტერესები დაცული უნდა იყოს და ამიტომ, მოძალადე პასუხისგებაში უნდა მიეცეს.

„მართლაც სირცხვილია, ძალადობა და ამ ფაქტის უგულვებელყოფა. ვინც ფიქრობს, რომ ძალადობა სირცხვილია, უნდა იდგეს მსხვერპლის მხარეს. მით უფრო, რომ მოძალადე პოლიტიკოსის მხრიდანაა დაზარალებული და პროკურატურა ამ დრომდე, ჯიშკარიანს ბრალდებულის სტატუსს არ ანიჭებს. მაინც მჯერა, რომ ეს ჩინოვნიკი სამაგალითოდ დაისჯება“ - აცხადებს აქცია „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა მაქარაშვილი.

ახალგაზრდა ქალი პოლიტიკოსი, ვალისა ღვინჯილია თამთა თოდაძეს სოლიდარობას უცხადებს და ამბობს, რომ ქალების დაკნინება უნდა დასრულდეს.

„ყველა ქალი რიგითი თამთა ვართ. ამ ქვეყანაში ქალების დაკნინება უნდა დასრულდეს“ - ამბობს ვალისა ღვინჯილია „ახალი საქართველოს“ წევრი.

ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარი“ პროკურატურას უმოქმედობაში ადანაშაულებს და მოძალადის დაკავებას ითხოვს. ბაია პატარაია სწორედ ამ ლოზუნგს სკანდირებს - „დააკავე მოძალადე“ .

„გამოძიება ჩიხშია შესული. პროკურატურას არცერთი არგუმენტი არ აქვს, რატომ არ აკავებენ ჯიშკარიანს და რატომ არ აქვს თამთას დაზარალებულის სტატუსი. ორმაგი სტანდარტების გარეშე, თავისი მოვალეობა პროკურატურამ უნდა შეასრულოს. ამის შესახებ ჩვენ ორ დღეში ველოდებით პასუხს და ველოდებით, რომ კანონიერებისა და გონიერების ფარგლებში დარჩება მთავარი საგამოძიებო უწყება“ - აცხადებს ბაია პატარაია.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ თამთა თოდაძემ თბილისის საკრებულოს დეპუტატი ილია ჯიშკარიანი სექსუალურ შევიწროებასა და ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა. თამთა თოდაძე დეპუტატის ბიუროს თანამშრომელი იყო. ის ჯიშკარიანის დაკავებას მოითხოვს.