დადასტურებულად ვიცი, რომ ის ჩეჩნეთში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა - ელენე თევდორაძე ჭიჭიაშვილზე

19:55 10-07-2019
21

ის დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერი იყო , - უკრაინაში მოკლული შოთა ჭიჭიაშვილის შესახებ „პრაიმტაიმთან“ ცნობილ უფლებადამცველი ელენე თევდორაძე საუბრობს.

„შოთა ჭიჭიაშვილს მე პირადად არ ვიცნობდი. თუმცა, ვიცნობდი მის მეგობარს. როცა პანკისში ჩავედი, უნდა დამხვედროდნენ მარგოშვილი და ჭიჭიაშვილი. მე ვეფხია მარგოშვილის ოჯახში ვიყავი.

გავრცელებული ინფორმაციით, ჭიჭიაშვილი რუსულ სპეცსამსახურებს უკავშირდებოდა, თუმცა დადასტურებულად ვიცი, რომ ის ჩეჩნეთში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა. ამის შემდეგ თუ რამე მოხდა და შეიცვალა, არ ვიცი.

ჭიჭიაშვილის სახელი ნამდვილად უკავშირდებოდა ნარკოტიკების გასაღებას, ადამიანის გატაცებასა და ფულის გამოძალვას. ის დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერი იყო“ - განმარტავს ელენე თევდორაძე.  

შეგახსენებთ, უკრაინაში სპეცოპერაციის დროს მოკლულ კრიმინალურ ავტორიტეტ შოთა ჭიჭიაშვილზე საქართველოს ოფიციალური ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. ჭიჭიაშვილის სახელი 90-იანი წლების არაერთ გახმაურებულ კრიმინალურ საქმეს უკავშირდება, ასევე მისმა სახელმა გაიჟღერა გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქებისა  და უკრაინაში მცხოვრები ქართველი პოლიტიკოსების თვალთვალის საქმეებში.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური