გლდანში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიცვლება

19:00 10-07-2019
68

თბილისის მერიის ინფორმაციით, გლდანში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს, 23:00 საათიდან 9 ოქტომბრის 23:00 საათამდე, ხიზანიშვილის ქუჩის მონაკვეთზე (ლესელიძის ქუჩიდან პოლიციის შენობამდე) ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, ხოლო, ვეკუას ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა დაშვებული იქნება ცალმხრივად, მაისურაძის ქუჩიდან პოლიციის შენობის მიმართულებით.

„დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც: N23 და N33 ავტობუსები ვეკუას ქუჩიდან მოძრაობას განაგრძობენ ჯერ კეცხოველის, შემდეგ კი ჯაბიძის ქუჩების მიმართულებით, საიდანაც კვლავ ვეკუას ქუჩისკენ მობრუნდებიან. N24 ავტობუსი ვეკუას ქუჩაზე იმოძრავებს მე-5 მიკრორაიონამდე, რის შემდეგაც ხიზანიშვილის ქუჩას დაუკავშირდება. N51 ავტობუსი გლდანულას მიმართულებით, ლესელიძისა და მიქატაძის ქუჩების ნაცვლად, ომის გმირებისა და ქერჩის ქუჩების გავლით იმოძრავებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის“,- აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.