სექსი მაღალი ქულების სანაცვლოდ - ლექტორები გოგონებზე სექსუალურად ძალადობენ (აფრიკა)

18:36 10-07-2019
2851

BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების შედეგად, დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში, ლაგოსისა და განას პრესტიჟულ უნივერსიტეტებში, სტუდენტებზე სექსუალური ძალადობის ფაქტები გამოვლინდა.

BBC Africa EYE-მ ლაგოსის და განას უნივერსიტეტებში სტუდენტად გადაცმული ჟურნალისტი შეაგზავნა და იქ არსებული ვითარება ფარული კამერით გადაიღო.

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ამ უნივერსიტეტებში მომუშავე ლექტორები სტუდენტ გოგონებს სექსუალური ხასიათის ქმედებების განხორციელებას აიძულებენ, სანაცვლოდ კი მაღალ ქულებს ჰპირდებიან.

სტუდენტად გადაცმული ჟურნალისტები თავად აღმოჩნდნენ სექსუალური შევიწროების მსხვერპლნი. უნივერსიტეტის ლექტორებმა მათ არაერთხელ შესთავაზეს, რომ სექსის სანაცვლოდ ნიშნებს დაუწერდნენ და სტუდენტურ ცხოვრებას მნიშვნელოვნად გაუმარტივებდნენ. დაახლოებით 50 წელს გადაცილებული მამაკაცების მხრიდან, სტუდენტი გოგონები ზეწოლას განიცდიან და ხშირ შემთხვევაში გამოსავალსაც ვერ პოულობენ.

BBC-ს ფარულმა კამერამ ჩაიწერა როგორც სექსუალური ხასიათის სიტყვიერი შეთავაზებები, ასევე ფიზიკური ძალადობის აქტებიც.

ლექტორები, რომლებიც გოგონებზე, მათ შორის არასრულწლოვან სტუდენტებზე ძალადობენ, მაღალი აკადემიური თანამდებობის პირები არიან. ზოგიერთი მათგანი კი პასტორია და ამ სტატუსსაც გოგონებზე მანიპულირების მიზნით იყენებს.

ჟურნალისტების მიერ ფარულად გადაღებული კადრებიდან ჩანს, რომ ლექტორების მთავარი იარაღი მანიპულაციაა. ისინი სტუდენტებს განათლების ხელშეწყობასთან ერთად დასაქმებასაც ჰპირდებიან, სანაცვლოდ კი სექსუალურ ურთიერთობას ითხოვენ. ამ შეთავაზებებს ლექტორები სტუდენტებს საკუთარ კაბინეტში, ერთი ერთზე საუბრისას უკეთებენ.

ჩამოთვლილ აფრიკულ უნივერსიტეტებში ლექტორებს სტუდენტთან არამცთუ სქესობრივი კონტაქტი, არამედ ფლირტიც ეკრძალებათ. თუმცა აკადემიური თანამდებობის პირები ამ წესს არ იცავენ.

BBC-ს ჟურნალისტმა ლაგოსის უნივერსიტეტის ათამდე სტუდენტს ჩამოართვა ინტერვიუ. გოგონები განმარტავენ, რომ ერთ-ერთი პროფესორი მათზე ძალადობს. მისი სამიზნე ცუდი ნიშნების მქონე სტუდენტები არიან, რადგან მათ ყველაზე მოწყვლად კატეგორიად მიიჩნევს.  გოგონების თქმით, პროფესორი საკუთარ კაბინეტში იბარებს სტუდენტებს, ოთახის კარს კეტავს და მათ სექსუალურად ავიწროვებს.

სტუდენტმა გოგოებმა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მიმართეს და პროფესორები სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს. ლაგოსის და განას უნივერსიტეტები აცხადებენ, რომ ისინი გმობენ ასეთ შემთხვევებს და ცდილობენ აღმოფხვრან პრობლემა.

თავად პროფესორები კი ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებენ.

ავტორი: მარიამ გიგანი