ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების“ კვლევას აფასებს

17:04 10-07-2019
14

ეს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების კიდევ ერთი აღიარებაა, - ასე აფასებს მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების“ შესახებ ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე. მისი თქმით,  მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვედრა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების კიდევ ერთი აღიარებაა:

„რამოდენიმე დღის წინ, ოქტომრის დასაწყისში მსოფლიო ბანკმა „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების” მორიგი გამოკვლევა გამოაქვეყნა, სადაც საქართველო „კორუფციის კონტროლის“ მიხედვით მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის ევროპის საუკეთესო ოცეულშია.

მიმაჩნია, რომ ეს არის ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების კიდევ ერთი აღიარება, და მსურს ეს მოვლენა შევაფასო ციფრებით და ციფრების მიღმაც.

• მსოფლიო ბანკის ეს კვლევა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ კორუფციის კონტროლის შეფასებისას იგი დაეყრდნო 11 სხვადასხვა მასშტაბურ კვლევას და მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრების კვალიფიციურ ექსპერტიზას, რომელთა შორის აღსანიშნავია, ორგანიზაცია Transparency International (TI – საერთაშორისო გამჭვირვალობა) სპეციალური გამოკვლევა, რომლის მიხედვითაც სახელისუფლებო კორუფციისგან თავისუფლებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში და ევროპის საუკეთესო სამეულში მოხვდა, ისეთი ქვეყნების გვერდით როგორებიცაა - გერმანია, ესტონეთი, ავსტრალია და ჰონგ კონგი.

• „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ დაკვეთილი კვლევა, აღსანიშნავია იმ კუთხითაც, რომ იგი აგროვებს მონაცემებს შინამეურნეობებისგან ანუ ინფორმაციის მიღება და გენერირება ხდება უშუალოდ პირველი წყაროებისაგან, ვისზეც სახელისუფლებო კორუფციის ზემოქმედება არის მნიშვნელოვანი და შესაბამისად, ეს არის კორუფციის კომპოზიციური ინდიკატორი, რომელიც დაფუძნებულია მონაცემთა წყაროების სუბდონეების ერთობლიობაზე, კორუფციის კონტროლის ერთიან ინდიკატორში.

• გლობალური მმართველობის ინდიკატორებით მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნების შეფასება ხდება გასული წლების მიხედვით, რაც ინვესტორებისათვის უმნიშვნელოვანეს საორიენტაციო დოკუმენტს წარმოადგენს, რადგან ინვესტორები გადაწყვეტილებებს მომავალი წლების, ხშირად 10-15 წლის პერსპექტივაზე გათვლით აკეთებენ და პირველ რიგში, სწორედ სახელისუფლებო კორუფციის შეფასების კუთხით;

• მთლიანობაში, კორუფციის და პირველ რიგში სახელისუფლებო კორუფციის დაბალი დონე, ითვლება რა საინვესტიციო გარემოს შეფასების მნიშვნელოვან მდგენელადაც, უკვე მომავალ წლებში საინვესტიციო ნაკადების ზრდის წინაპირობადაც უნდა განვიხილოთ;

• ცნობილია, რომ კორუფციის მაღალი დონე არის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორი, და პირიქით, დაბალი კორუფციის მაჩვენებელი, პირველ რიგში სახელისუფლებო დონეზე, არის ზრდის სტიმულატორი. აქედან გამომდინარე, ეს კვლევაც ეხმიანება და ადასტურებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის და სარეიტინგო საააგენტოების საპროგნოზო შეფასებებს, რომლის მიხედვითაც უახლოეს წლებში ჩვენ გვექნება რეგიონში ყველაზე მაღალი ზრდა;

• ეს აღიარება, თავსებადია იმ შეფასებებისა, რასაც ბოლო პერიოდში ქვეყნის საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობაზე და პერსპექტივებზე, ღიად აცხადებენ წამყვანი ამერიკული და ევროპული საინვესტიციო ფონდები და ბანკები.

და ბოლოს, ამ კვლევამაც დაადასტურა, რომ ის შეფასებები რაც ქვეყნის შიგნით ისმის ოპოზიციის მხრიდან, სახელისუფლებო კორუფციაზე არის თითიდან გამოწოვილი და ეს ნარატივი მოსახლეობაში სიცრუის კულტივირებით ხორციელდება, თუმცა მას არანაირი რეალური საფუძველი არა აქვს“, - წერს გიორგი ცუცქირიძე.

ცნობისთვის, 2019 წლის პირველ ოქტომბერს მსოფლიო ბანკმა „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების“ მორიგი გამოკვლევა გამოაქვეყნა, სადაც საქართველო „კორუფციის კონტროლის“ მიხედვით მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის ევროპის საუკეთესო ოცეულშია.

კორუფციის კონტროლის შეფასებისას მსოფლიო ბანკი დაეყრდნო 11 სხვადასხვა მასშტაბურ კვლევას და მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრების კვალიფიციურ ექსპერტიზას.

კვლევა, რომელიც „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების” მეთოდოლოგიით გადამუშავდა, საშუალებას იძლევა, სარეიტინგო თვალსაზრისით შეფასდეს სახელისუფლებო კორუფციის კონტროლის დონე მთელ მსოფლიოში, სამივე მიმართულებით – საკანონმდებლო ხელისუფლება, აღმასრულებელი ხელისუფლება/საჯარო მოხელეები და სასამართლო. შემაჯამებელი შეფასების 100-პროცენტიანი სკალიდან საქართველომ 93 პროცენტი მიიღო, მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში და ევროპის საუკეთესო სამეულში მოხვდა.