„მიტროპოლიტი გახლავართ“ - ინტერვიუ „შმაქსის“ იდეის ავტორთან

16:54 10-07-2019
1599

გაიცანით, ამირან ტორონჯაძე, ახალგაზრდა რომელსაც „შმაქსის“ იდეა ეკუთვნის. ირკვევა, რომ იდეის ავტორი მოძღვარია და დღეის მდგომარეობით იგი ნუცუბიძისა და ლიტვის მიტროპოლიტია. თავისუფალ დროს კი თავისუფლების გამავრცელებელ საქმიანობას ეწევა.

რას საქმიანობ? 

- ვარ გრაფიკული დიზაინერი, ვმუშაობ Waffle-ში. ვაკეთებთ ვიდეოებს და სარეკლამო რგოლებს.

საიდან დაიბადა „შმაქსის“ იდეა? გირჩი ჯაფარიძემ თქვა, რომ არ გიცნობს და დიდი ძებნის შემდეგ მოგაკვლია?

- სადღაც სამი წელი ვიყავი „გირჩში“, დაარსებიდან ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებამდე. ზურამ იხუმრა როცა ეს დაწერა, დიდი ხნის საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს. იდეას რაც შეეხება, დიდი ხანი ვფიქრობდით, ალბათ თქვენც ფიქრობდით და ყველა ტაქსების რეგულაციაზე. ერთ-ერთ ასეთ საუბარში, სამეგობრო წრეში გაგვიჩნდა იდეა, მხოლოდ ჩემი შემოქმედება არ არის, ვერ დავიბრალებ. მოვიფიქრეთ ტაქსით მგზავრის ჩანაცვლება შეგვეცვალა განათლებით.

თავიდან ჩემი საქმიანობა „გირჩში“ იყო ვიდეოების და სარეკლამო რგოლების გაკეთება, facebook-ზე შეხვედრიხართ ალბათ. მას შემდეგ, რაც დავაარსეთ ჩვენი რელიგია, მიტროპოლიტი გახლავართ დღეის მდგომარეობით ნუცუბიძისა და ლიტვის. ვეწევი ჩემს რელიგიურ თავისუფლების გამავრცელებელ საქმიანობას პარალელურად ჩემი ცხოვრების გარდა.

რატომ „შმაქსი“ და არა სხვა სახელწოდება?

- გვიყვარს ასეთი გამოთქმები, ტაქსი-შმაქსი, სახალისო და ადვილად მისახვედრი. გვქონდა სხვა ვარიანტიც, მაგრამ შეიძლებიდა უფრო რთული ყოფილი დასაკავშირებლად

რომ არა „შმაქსი“, იქნებოდა...?

- თავიდანვე „შმაქსის“ იდეა იყო, თუმცა განიხილებოდა სხვა ვარიანტებიც. მაგალითად, „ისწავლე გზა და გზა“ რაც ახლა „შმაქსის“ სლოგანია. ვაპირებდით ეგ ხომ არ ჯობს იყოს სახელი-თქო. თუმცა, ბოლოს უფრო მოკლე და გასაგები სახელი ავარჩიეთ. შემდეგ დავიწყეთ დეტალებზე ფიქრი, რას უნდა გულისხმობდეს „შმაქსი“ და „შმაქსოპარკში“ რამდენი მანქანა უნდა იყოს და სხვ.

ტაქსების ახალ რეგულაციაზე რას ფიქრობ ?

- ქმედებიდან გამომდინარე ალბათ ხვდებით, რომ არ ვარ კარგი აზრის. როგორც მე ასევე თითოეულ მგზავრს თუ მძღოლს სიტუაცია გაუუარესდა და იმის გამო, რომ ერთ ან რამდენიმე ადამიანს ესე უნდა, ესე უფრო მოსწონდა და ესე უფრო ლამაზია მისთვის, ჩემი აზრით არ არის ლამაზი ადამიანები ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო და ერთადერთი შემოსავლის წყარო გაუქრო. ჯერჯერობით ეს არ დაგვტყობია, მაგრამ თუ ასე გააგრძელა სიმკაცრე მერიამ და რაღაც პრობლემები შეუქმნა „შმაქსის“ იდეას, არა მხოლოდ ტაქსში და გადაყვანაში იქნება პრობლემა ნებისმიერ სხვა სფეროსაც დაეტყობა, ყველა სარგებლობს ტაქსით და ყველას გაუძვირდება ცხოვრება.

შმაქსის“ იდეა იყო გირჩის პროტესტი ამ ახალ რეგულაციაზე?

- ეს არის წყნარი და მშვიდი საპასუხო  მოქმედება არასწორი ქმედებების საპასუხოდ. თუ ჩვენს მიერ დაქირავებული თანამდებობის პირი არ ზრუნავს ჩვენზე, ჩვენ მოქალაქეები ვიზრუნებთ ამ გზით საკუთარ თავზე.

თვითონ თუ „იშმაქსავებდი“?

- სიამოვნებით, უბრალოდ ჯერ „შმაქსის“ ტრაფარეტის აღება ვერ მოვახერხე. გარეთ როცა გავდივარ ყურადღებას ვაქცევ ვინმე „შმაქსისტი“ ხომ არ არის გარშემო შევხედო და თვალს გაუხარდეს.

ავტორი: სალომე ნეფარიძე