მოტყუებით გათხოვილი 9 წლის გოგოები და ბავშვთა პროსტიტუციად ქცეული რელიგიური ტრადიცია (BBC)

13:14 10-07-2019
1314

არასრულწლოვან გოგონებს მამაკაცების სექსუალური სურვილების დასაკმაყოფილებლად ყიდიან და ამას რელიგიურად გამართლებულ „დროებით ქორწინებას“ უწოდებენ.

საუბარია უძველეს შიიტურ ტრადიციაზე, რომელიც ერაყში, 9 წლის გოგონების სექსუალური ექსპლოატაციის საყრდენად იქცა.

BBC-მ ჟურნალისტური გამოძიება აწარმოა ერაყში და ამ „ტრადიციის“ რამდენიმე მსხვერპლ მოზარდ გოგონას გაესაუბრა.

„დროებითი ქორწინების“ მსხვერპლი გოგონები, მოწყვლადი მოზარდები არიან, რომელთაც არც განათლება აქვთ, არც მშობლები ჰყავთ და არც საკუთარი თავის რჩენის შესაძლებლობა.

15 წლის გოგონა სახელად რუსული იხსენებს, თუ როგორ მოატყუეს პირველად. ობოლი გოგონა თავის უმცროს დაზე ზრუნავდა და სხვადასხვა სამუშაოს ითავსებდა. ერთ დღესაც მასთან ზრდასრული მამაკაცი მივიდა, დაელაპარაკა, განათლების მიღებას და უკეთეს მომავალს შეჰპირდა.

რუსულს იმედი მიეცა და მამაკაცს ქორწინებაზე დათანხმდა. ადგილობრივ შიიტ სასულიერო პირთან მისულს, ხელი კონტრაქტზე მოაწერინეს. გოგონამ კითხვა არ იცოდა. რუსულს 250 დოლარიც მისცეს, საქორწინო ცერემონიალი რამდენიმე წუთში ჩაატარეს და მეუღლესთან ერთად გაუშვეს. რუსულმა მამაკაცთან რამდენიმე კვირა იცხოვრა, შემდეგ კი მეუღლე გაუჩინარდა. როგორც ირკვევა, მოზარდს ხელი ე.წ. „დროებითი ქორწინების“ შეთანხმებაზე მოაწერინეს, რომელიც მამაკაცებისთვის სექსუალური სიამოვნების მინიჭებას ითვალისწინებს და კონკრეტული ვადაც აქვს, რომლის შემდეგაც ქმარი თავისი გზით მიდის და ცოლზე არანაირი პასუხისმგებლობა არ აკისრია.

ისლამში მამაკაცებს, როგორც წესი, ქორწინების გარეშე სქესობრივი აქტი ეკრძალებათ, თუმცა შიიტი სასულიერო პირები მამაკაცებს ასეთ პრაქტიკას სთავაზობენ და დროებით სქესობრივ კავშირებს, რელიგიურ სარჩულს უკეთებენ.

ტრადიციამ ტრანსფორმაცია განიცადა და ბავშვთა პროსტიტუციად გადაიქცა. გოგონებს მოტყუებით ათხოვებენ. ე.წ. ქორწინების ხელშეკრულება ხშირად მხოლოდ 1 საათიან ქორწინებას გულისხმობს და ბავშვებს აიძულებენ დღეში რამდენჯერმეც კი „იქორწინონ“.

ერთ-ერთმა სასულიერო პირმა BBC-ს ჟურნალისტს განუცხადა, რომ მას 9 წლის გოგონების დაქორწინებაც შეუძლია.

კიდევ ერთმა სასულიერო პირმა კი აღნიშნა, რომ თუკი არასრულწლოვანი გოგონა ქალიშვილია, მაშინ მასთან ისეთი სქესობრივი კონტაქტია დასაშვები, რომელიც გოგონას საქალწულე აპკს არ დაარღვევს.

“დროიებითი ქორწინების“ პრაქტიკა ერაყში 2003 წლიდან აქტიურად შემოვიდა. ეს მოხდა მაშინ, როდესაც ერაყის ახალმა მთავრობამ საკუთარი მმართველობა სათანადოდ ვერ გაამყარა, შიიტმა სასულიერო პირებმა კი მომენტით ისარგებლეს და საზოგადოებაში გავლენიანი ადგილი დაიმკვიდრეს.

ერაყის ამჟამინდელი მთავრობა განმარტავს, რომ გოგონების დასახმარებლად არაფერი შეუძლიათ, თუ თავად არ მიმართავენ პოლიციას. შეშინებული მოზარდებისთვის კი ეს უკვე შემოსავლის ერთადერთ წყაროდ იქცა.

ავტორი: მარიამ გიგანი