Exclusive: ფილმის გადაღება, რომელშიც მთიული ბავშვები მონაწილეობენ მალე დაიწყება

21:06 10-06-2019
290

მთიული ბავშვები, რომლებმაც მთელი სოციალური ქსელი აალაპარაკა, მალე ფილმის გადასაღებ მოედანზე ნამდვილი მსახიობებივით როლებს მოირგებენ და გულშემატკივრებს თავს  ფილმიდან დაამახსოვრებენ.

ცნობილია ფილმის სცენარი, რეჟისორი, გადასაღები მოედნისთვის განკუთვნილი ლოკაცია და კიდევ ორი პატარა მსახიობის ვინაობა. ისინი ბექას ნამდვილი დედმამიშვილები არიან.

„პრაიმტაიმი“ ბექა ბუჩუკურის დედას, ნინო ზაქაიძეს ესაუბრა. როგორც ის ამბობს, ბექას გარდა, ფილმში კიდევ მისი ორი გოგონა მონაწილეობს. პატარები ეპიზოდურ როლებს შეასრულებენ. გადასაღები მოედანი ხადის ხეობაში იქნება და მთიულ ბავშვებს როლების მორგება წინასაახალწლოდ მოუწევთ. სწორედ დეკემბრის ბოლოს იწყება გადაღება, რომელსაც პატარები სულმოუთქმელად ელოდებიან.

„ფილმს „ტერკო მონდოს მესამე სამყარო“ ჰქვია, რომელშიც ბექას გარდა, ჩემი კიდევ ორი შვილი: 13 წლის თიკო და 12 წლის მარიამი მონაწილეობს. ძალიან გვიხარია, რომ დედმამიშვილებს კინოში ერთად იღებენ. ისინი ეპიზოდურ როლებს შეასრულებენ. თავად ბექა ძალიან გახარებულია და ისე ელოდება გადაღებების დაწყებას, ვერ წარმოიდგენთ, უხარია.

ფილმის რეჟისორი ხათუნა კახნიაურია. სცენარის მცირე ნაწილს გაგიმხელთ, მოქმედება სკოლაში ვითარდება. ორი ბიჭი ერთ გოგოზეა შეყვარებული, რომელიც ზარის დარეკვის შემდეგ, სკოლის კიბიდან ხტება და მასზე შეყვარებული ბიჭებიც იგივეს იმეორებენ. ამ დროს, ბექა გამოდის და მათ გაოცებული უყურებს.

გადაღებები ხადის ხეობაში, წინასაახალწლოდ დაიწყება და ეკრანებზე მას მაყურებელი მალე იხილავს“ - ამბობს ნინო ზაქაიძე. 

ავტორი: თამარ ბუჩუკური