როცა ექიმებს გულწრფელად ეტყვი დიაგნოზს და იქიდან უარით გამოგაბუნძულებენ, მერე აღარ გაამხელ - შიდსით დაავადებული

19:51 10-06-2019
351

აივ დადებითი მამაკაცი „პრაიმტაიმის“ მეშვეობით სახელმწიფო ინსტიტუტებს მიმართავს და საზოგადოებას დაინფიცირების საფრთხეების შესახებ აფრთხილებს. ის ამბობს, რომ შიდსის დიაგნოზის მქონე ადამიანები იძულებულები ხდებიან, მომსახურების სფეროში თავიანთი ჯანმრთელობის მდგომარეობა  დამალონ, რადგან მათ სტომატოლოგიურ კლინიკებში, სილამაზის სალონებსა და საავადმყოფოებში ხშირად, მომსახურებაზე უარს ეუბნებიან.

„პრაიმტაიმი“ რესპონდენტის სახელსა და გვარს არ აკონკრეტებს, რადგან საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს სტიგმა - აივ დადებითი. მათ უმეტესად დამალვა, დუმილი და „უჩინარი“ მოქალაქის როლის მორგება უწევთ.

„32 წლის მამაკაცი ვარ. უკვე, 2 წელია ამ დიაგნოზს ვატარებ. ქორწილისთვის ვემზადებოდი და სტომატოლოგიურ კლინიკას მივაკითხე. დარწმუნებული ვარ, რომ იქ დავინფიცირდი. რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო შიდსთან ერთად თანაცხოვრება, მაგრამ შეგუება მომიწია. ჩემი მეუღლე ჯანმრთელია. მუდმივად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვარ და ვცდილობ, ყველა ინსტრუქცია ზედმიწევნით დავიცვა.

შიდსის ცენტრის მოსაცდელში ერთმანეთზე საზარელ ამბებს ვისმენ. აივ დადებითი ადამიანები იძულებულები არიან დამალონ თავიანთი დიაგნოზი. რატომ? წარმოიდგინეთ, 10-ზე მეტ კლინიკას მწვავე, გაუსაძლისი ტკივილით რომ მიაკითხავ, გულწრფელად რომ ეტყვი შენს დიაგნოზს და იქიდან უარით გამოგაბუნძულებენ, შემდეგ კლინიკაში უბრალოდ აღარ გაამხელ, ამით თითოეული თქვენგანი შეიძლება დაინფიცირდეს.

დუმილი თქვენი უსაფრთხოებისა და ჩვენი უკეთესობისთვის დავარღვიე. მინდა მივმართო სახელმწიფო ინსტიტუტებს, თუ შიდსის მქონე ადამიანებს მომსახურებას დაწესებულებები ვერ უწევენ იმის გამო, რომ მათ სტერილიზაციისთვის საჭირო აპარატურა არ აქვთ, რატომ აძლევთ ფუნქციონირების უფლებას? თუ აქვთ და აივ დადებითებს უბრალოდ საზოგადოებაში არსებული სტიგმის გამო არ გვემსახურებიან, მაშინ კეთილი ინებეთ და „ჩემნაირებისთვის“ სხვა სპეციალური კლინიკა გახსენით.

ჩვენ, აივ დადებითებმა, ვიცით, რომ თითო დღე განსაკუთრებული სისწრაფით გვაახლოებს სიკვდილის დღესთან. ჩვენ ვიცით, რომ ერთი შეხედვით უმნიშვნელო ნაკაწრი, ჩვენთვის შესაძლოა, განაჩენის გამომტანი აღმოჩნდეს. ვიცით, რომ ჩვენი სიცოცხლის დღეები დათვლილია და გვინდა, გაუსაძლისი ფიზიკური ტკივილის გარეშე ვიცოცხლოთ. ჩვენ კბილზე უფრო მეტად, ჩვენი დიაგნოზი გვტკივა და ეს სულიერი ტკივილი გვაკმარეთ. ჩვენ არ გვინდა, ჩვენი თანამოქალაქეები დაინფიცირდნენ და მათაც გრაფაში ჯანმრთელის ნაცვლად აივ დადებითი ეწერონ. ყველას არ აქვს ერთნაირი სამოქალაქო პოზიცია, მაღალი თვითშეგნება. ყველა სხვაზე არ ზრუნავს და ნუ იქნებით, ამ სიბოროტის წამხალისებლები. მდგომარეობა ისედაც რთულია, სტატისტიკა მზარდია და ეს ის დაავადებაა, რომელსაც მსოფლიო ებრძვის. საზოგადოება მინდა ფრთხილად იყოს, მე არ ვიცი როგორ, მაგრამ ამ საზარელი დაავადებისგან თავი თქვენ უნდა დაიცვათ, სანამ სახელმწიფო ჩვენს შესახებ ჯერ კიდევ დუმს.“  - ამბობს შიდსის დიაგნოზის მქონე მამაკაცი.

„პრაიმტაიმი“  გასული წლების შიდით ინფიცირებულთა სტატისტიკით დაინტერესდა, რომელიც ასე გამოიყურება:

2018 წელს აივ ინფექცია/შიდსის  52 შემთხვევა დაფიქსირდა. 
2017 წლის 26 იანვრის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 6814 აივ ინფიცირებული პირი, მათგან 5095 მამაკაცია, ხოლო 1719 – ქალი. პაციენტთა  უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი განუვითარდა 3674  პაციენტს, 1405 გარდაიცვალა.