ეკა ბესელია ოჯახზე, ცრემლებსა და ემოციებზე

22:18 10-05-2019
5176

„იცით, როგორი ქალი ვარ? განსაცდელებს და ფათერაკებს კი არ გავურბივარ, პირდაპირ ვეჯახები. არადა, არჩევანის საშუალება ყოველთვის მაქვს, მაგრამ სულ იქით მივდივარ, სადაც ყველაზე რთული გზაა, რადგან იქ თუ არ გავივლი, მეორე გზა ყოველთვის პრინციპებთან კომპრომისია, – ამბობს დეპუტატი ეკა ბესელია, რომელიც მასთან დაკავშირებულ ყველა აქტუალურ თემაზე, პირად ცხოვრებასა და ემოციებზე გულახდილად და ვრცლად „პრაიმტაიმთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს:

-როცა გადავდექი, არჩევანი მაშინაც მქონდა. თუ ათკაციან სიაზე თვალს დავხუჭავდი, ყველაფერი შემეძლო მიმეღო, მატერიალური, რასაც მოვისურვებდი და ისიც კარგად ვიცოდი, რომ ამ ნაბიჯით საპირისპიროს, ყველაფერ ცუდს  მივიღებდი პირადად მე. ამას ველოდებოდი და შეგნებულად წავედი ამ გზაზე რადგან ქვეყანას ავარიდე დიდი ბოროტება. სულ განსაცდელებში გაიარა წლებმა, ბევრი პერსონალური დარტყმა მივიღე, ყველაფერი ვნახე და არასდროს მიცდია, ეს ამერიდებინა, დავმალულიყავი, უკან გადავწეულიყავი, გავჩუმებულიყავი ან თავი დამეხარა.

გაჩუმების სანაცვლოდ, ფული და თანამდებობა შემოუთავაზებიათ?

რა თქმა უნდა! თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, მე ახლაც რაზე ვთქვი უარი. სამაგიეროდ, ის მივიღე, რაც იხილეთ. ჩემთვის ყველაფერი შემოუთავაზებიათ – დიდი თანამდებობაც და ძალიან უზრუნველი ცხოვრებაც.

ბიძინა ივანიშვილმა შემოგთავაზათ?

მოდი, სახელებს და გვარებს არ დავასახელებ.

როგორ ფიქრობთ, რომ დათანხმებულიყავით, მერე, წამოგაძახებდნენ და გამოჭერილი ეყოლობოდით?

იცით, ამ მდგომარეობაში ახლაც ძალიან ბევრია და არავის არაფერს აძახებენ... იმორჩილებენ... მთავარია, შენ შეგიძლია თუ არა, ასეთ მორალურ კომპრომისზე წახვიდე, მე კი არ შემიძლია ასე ცხოვრება. ამაზე არასდროს წავსულვარ, მაშინაც კი, როცა ჩემი შვილი და ძმა საბრალდებო სკამზე დამისვა სააკაშვილმა. ჩემს ხასიათში არ არის ასეთი კომპრომისის დაშვება.

რა მეთოდიც  ჩემ წინააღმდეგ გამოიყენეს, იოლი არ იყო ჩემთვის. ალბათ, ესეც იყო გათვლა, მაგრამ ამ ამბებმა ვერ გამტეხა, შინაგანად ისეთი ტრანსფორმირება მოახდინა, ისე გამაბრაზა, ისე განმაწყო, რომ ავდექი და ახალი პარტია შევქმენი. მე ამ ბრძოლას 20 წელზე მეტი შევწირე და ჩინჩალაძეების, ზარდიაშვილების და ასეთების ხელში ამ სასამართლოს ვერ დავტოვებთ, ეს ხალხის ღალატი იქნება. პარტიის დაფუძნება ამაზე ჩემი პასუხი იყო.

წარმოუდგენელი სიბინძურეა, 10–11 წლის წინანდელი ჩანაწერების კვლავ გამოქვეყნება. ეს  მხოლოდ ერთ რამეს ისახავდა მიზნად – გაგანადგურებ და გაჩერდები. მე კი, ზუსტად იმის გამო, რომ ვიცოდი, მიზანი ეს იყო, უფრო არ გავჩერდი და ამის საპირისპიროდ დავიწყე მოქმედება. ეს რომ არ მომხდარიყო, სიმართლე გითხრა, 2020 წლის არჩევნებამდე საერთოდ წასვლას ვაპირებდი, რადგან აღარ მინდოდა მონაწილეობა. პოლიტიკამ ცოტა დამღალა. ეს არ არის ჩემთვის კომფორტის ზონა. არაორგანულია, არასასიამოვნო, ბევრ ენერგიას მოითხოვს. მინდოდა, პროფესიული კუთხით გამეგრძელებინა მუშაობა, პატარა გოგონა ხომ არ აღარ ვარ?

როდესაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები საჯაროდ გამოქვეყნებული იხილეთ, როგორი იყო პირველი ემოცია და რეაქცია?

საშინელი, მართლა ვერ აღგიწერთ, გადმოცემა არ შემიძლია... მიმძიმს. უცხოეთში ვიყავი ამ დროს... ეს ჩემი ოჯახური ცხოვრების ნაწილის უკანონო ჩანაწერი იყო, მეტი არაფერი, მაგრამ ფორმაა მთავარი. თორემ, მე არც ვინმესთვის მიღალატია და არც რაიმე უღირს ქმედებას ჩავდივარ. პირადი ცხოვრება ყველას აქვს და არავისთან არაფერი მაქვს ასახსნელი. ასეთი ფორმების გამოყენება გამანადგურებელია ადამიანებისთვის. არც ოჯახის წევრები მყავს ისეთი, რომ ამის ახსნა სჭირდებოდეთ, უბრალოდ, როცა შენი ოჯახის წევრს ასეთ მორალურ ტერორს უწყობენ და ეს პირველი არ არის, ამაზრზენია.

„ქართული ოცნება“ იმ იდეით მოვიდა, რომ ეს ყველაფერი უნდა დასრულებულიყო, მათი ხელისუფლების დროს კი კვლავ მოხდა ასეთი რამ და საქმეს ვერ ხსნიან. დაიჭირეს ისინი, ვინც ჩანაწერები ერთმანეთს გაუგზავნა. ვინც გააკეთა, ამას ვერ ან არ ხსნიან.

 მსგავსი ამბის შემდეგ, ბევრი გაჩუმდა კიდეც, ჩაიკეტა და ჩრდილში ყოფნა ამჯობინა, თქვენ პირიქით, ყოველი ასეთი დარტყმის შემდეგ, უფრო აქტიურდებით. ეს ხომ ადვილი არ არის. რა განაპირობებს ამას?

ჩემი ხასიათი. ძალიან რთულია, გეთანხმებით. დიდი ენერგია სჭირდება იმის დამტკიცებას, რომ ვერ მოგერევიან, როცა აკრძალული მეთოდებით გებრძვიან, ოჯახის წევრებს გიპატიმრებენ, ოჯახურ ცხოვრებას გამოგიფენენ... თანაც, ჩემნაირი ფსიქოტიპის ადამიანისთვის... ახლა ერთ რამეს პირველად თქვენთან ვიტყვი და მიხვდებით ჩემს ხასიათს, თუ როგორ იმოქმედებდა ეს ყველაფერი ჩემზე... ძალიან მიყვარს ზღვა, ვგიჟდები, მაგრამ საკურორტო ზონაში ყოფნისას, ზღვაში საერთოდ ვერ ჩავდივარ, რადგან არ მინდა, ვინმემ საცურაო კოსტიუმში დამინახოს და გადამიღოს. ხვდებით, ჩემთვის რამდენად რთული იყო ის ამბავი? ბევრი აკრძალვა მაქვს საკუთარ თავთან, მაგალითად, არ დავდივარ თავშეყრის ადგილებში, კლუბებში, წვეულებებზე. სწორედ იმის გამო, რომ ვინმეს გაღიზიანება არ გამოვიწვიო.

ერთსაც გავიხსენებ. 6 მაისს, პოლიციის სამმართველოსთან სააკაშვილის სპეცრაზმმა რომ დაგვარბია და პლასტიკურ ტყვიებს ისროდნენ, ხალხს თვალები დათხარეს და რამდენიმემ მხედველობა დაკარგა იქ, საშინელება ხდებოდა. ეს პლასტიკური ტყვიები, რომლებიც ძალიან სახიფათო იყო, ხან ტანზე მხვდებოდა, ხან ხელებზე, ფეხებზე. სნაიპერები პირდაპირ სახეში გვიმიზნებდნენ და მეც სახეში რომ არ მომხვედროდა, ჩემი ახლობელი, ვინც იქ იმყოფებოდა, ცდილობდა, ჩემთვის თავზე ქურთუკი გადაეფარებინა, უკვე სიბნელე იყო. არაფრით არ დავიფარე, – ვინმემ არ დამინახოს და არ თქვას, ეკა ბესელიას შეეშინდა და სახეს მალავსო. ეს ხომ ხასიათია?! ხომ ინსტინქტური მომენტია, ხალხს რომ სისხლი მოსდის, შენც აიფარო რამე, მაგრამ არა, შემრცხვა. 

რამდენიმე დარბევის დროს, მართლაც სასწაულებრივად გადავრჩი და ერთხელ, უწმინდესმა მითხრა, – უფალი როგორ გმფარველობს, თითქოს ხელის გულზე გისვამს და ისე გამოყავხარ რთული სიტუაციებიდანო.

ყველაზე კარგად, ჩემი ხასიათი მაშინ გამოჩნდა, როცა 17 წლის ასაკში უნივერსიტეტში ჩაბარებისას, საშინელ კორუფციულ სისტემას შევეჯახე და დავიწყე ბრძოლა მის შესაცვლელად, დაახლოებით 60-მდე აბიტურიენტი ავიყოლიე და 1989 წელს, უნივერსიტეტის კიბეებზე აქცია მოვაწყვეთ. იმ წელს ჩვენ განათლების სისტემა შევცვალეთ. მაშინ კომუნისტური პარტია იყო და ყველა პირველი პირი ჩაერია, ხან მამას ურეკავდნენ და ემუქრებოდნენ, ხან - დედას. ვერაფერმა გამაჩერა. ეს იყო ჩემი პრიველი გამოცდა როგორც ქალის და იურისტის. მაშინ მივხვდი, რომ ყველაფრის შეცვლა შეგიძლია, თუ მოინდომებ. უნივერსიტეტიც წარჩინებით დავამთავრე და ის პროფესია ავირჩიე, რომელშიც ჩემი თავისუფლება არ შეიზღუდებოდა და და მასში ყველაფერი იდო - სხვაზე ზრუნვა, თავისუფლების მაღალი ხარისხი, უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა და შესაძლებლობების გამოვლენის არეალი. 

და ახლა, ესენი, ეს კომკავშირლები დამწკრივებულან, კუნთებს მიჩვენებენ და ცდილობენ, ადგილზე „მომსვან“, მეცინება. უახლოესი ისტორიაც კი არ იციან, ვინ რა გზა გაიარა. ეს ოხანაშვილ–მათიკაშვილ–ზარდიაშვილები – ამათმა გადაწყვიტეს, მე ჭკუა მასწავლონ? ქალს რამდენი ასეთი რამ მაქვს გამოვლილი და არსად გავქცეულვარ ლაჩრულად.

მართლაც შემტევი და ძლიერი ხასიათი გაქვთ, როგორი უნდა იყოს მამაკაცი, თუნდაც, თქვენ გვერდით?

ასეთივე – ძლიერი, თავისი ნებისყოფით, პინციპებით, რაინდული თვისებებით, ინტელექტუალური. ისეთი, რომ თქვა – აი, ეს არის ღირსეული ადამიანიო. არავის სტატუსი და სოციალური მდგომარეობა მე არ მაინტერესებს, საერთოდ არ განვსჯი ვინმეს ამის მიხედვით. მთავარი, პიროვნული თვისებებია. ვერასდროს უნდა აკადროს ქალს ის, რაც ამ პარლამენტში მამაკაცებმა იკადრეს. ...და აქ რასაც ვუყურებ, ეს „ახალგაზრდა კომკავშირლები“ ან სად დაიბადნენ, ან სად გაიზარდნენ, სად ისწავლეს ასეთი ურთიერთობები, არ ვიცი. პარლამენტში კი არა, ამათ არც ერთ დაწესებულებაში არ შევუშვებდი.

იმაზე ვნერვიულობ, რამდენჯერმე მაიძულეს, იმ ენაზე დავლაპარაკებოდი მათ, რა ენაც ჩემი სტილი არ არის. მაგრამ ზოგჯერ პროპორციული ზომები ხომ უნდა გამოიყენო? (იცინის) სილის გაწნა ხომ ჩვეულებრივი ამბავი არ იყო, ეს იყო სიმბოლური, პროტესტი ყველასა და ყველაფრის მიმართ, იმ უმსგავსო საქციელების გამო. ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ მითხრა, შენ რომ ნაზად გეთქვა – როგორ გეკადრებათ, ეს რა საქციელიაო? აბსოლუტურად არაპროპორციული იქნებოდაო. მონაზონი მეგობარი მყავს და იცით, რა მითხრა? უფრო მაგრად უნდა გაგელაწუნებინა, ძალიან ნაზად მოგივიდაო. წარმოიდგინეთ, რამდენად მძიმე ფორმის იყო ის შეურაცხყოფა. ის ხომ შემთხვევით ნათქვამი სიტყვები არ იყო. ბევრს მიაჩნია, რომ ჩემი სილის გაწნა მსუბუქი იყო.

რა აღძრავს თქვენში განსაკუთრებულ ემოციებს? იმ დღესაც ვნახეთ კადრი, როდესაც ტიროდით...

კი, ცრემლი წამომივიდა და ვიღაცამ ჩუმად ჩამწერა კამერით... იცით, შეიძლება ცრემლი წამომივიდეს, როდესაც სხვის უბედურებას ვუსმენ, დრამატულ ისტორიას ვეხები, გაჭირვებულ ადამიანს ვუყურებ. ფილმზე, წიგნზე, ადამიანურ ისტორიებზე, განსაცდელებზე შეიძლება ვიტირო. გულგრილად ვერ ვუსმენ, ასე მგონია, პირადად მე მეხება. მიუხედავად ჩემი ძლიერი ხასიათისა, მაინც ძალიან სენტიმენტალური ვარ შინაგანად. ხო ყველას რკინის ვგონივარ და ასეცაა, მაგრამ მეორეს მხრივ, ისეთიც ვარ. თუმცა, ჩემი თავი ამით ძალიან დავაზიანე, ამ ყველაფრის გავლა, ემოციურად ადვილი ნამდვილად არ არის. ახლაც მიჭირს... 

სასიყვარულო ურთიერთობებთან დაკავშირებით თუ გქონიათ ასეთი სენტიმენტები?

კი, რა თქმა უნდა. ისიც ძალიან მტკივნეულად მაქვს გადატანილი, როცა ოჯახი დამენგრა...

რა დაგეხმარათ გაძლიერებაში?

როდესაც ის ადამიანი გარდაიცვალა, ვინც მიყვარდა, ყველაფერს მის სახელზე, მისთვის ვაკეთებდი, მისი ოჯახის წევრებისთვის, მისი ახლობლებისთვის და პირველ ეტაპზე, ეს დამეხმარა. მერე უკვე, საქმე. ყველას ვურჩევ, როდესაც მძიმე, სტრესული მდგომარეობა აქვთ, აუცილებლად მოქმედებაში გადაიტანონ ის ნეგატიური ენერგია, ეს აუცილებელია. კონცენტრაციას იქითკენ მიმართავ. ამას წინადეპრესიულ ფონს ვეძახი. დეპრესიაში არასდროს ვვარდები, აქამდე არ უნდა მიიყვანო საქმე. ჩემს შვილებს სულ ვასწავლიდი, როცა განსაცდელი მოდის, ვაი–ვიშით საქმეს ვერ უშველით–მეთქი, აზრი არ აქვს და საკუთარ თავს ანგრევ. უფალს მიენდე, მაგრამ საკუთარ თავზე იყავი დამოკიდებული და შენ თვითონ იმოქმედე. ყველა სიტუაციას თავისი გასაღები აქვს და ეს უნდა იპოვო, რომ გამოსავალი მოძებნო და მოქმედება დაიწყო.

ყველაზე ღირებულია, როდესაც ადამიანი მატერიალისტური მიზნებით არ ცხოვრობს. ჩემი პრაგმატულ სივრცეში მოქცევა შეუძლებელია. მე გამოუსწორებელი იდეალისტი ქალი ვარ, რომელსაც აქვს იდეა და ამისთვის ყველაფერზე მიდის. ოღონდ, ყოველთვის ვეწინააღმდეგები ფორმულას, რომ მიზანი საშუალებას ამართლებს. მიზნამდე მისასვლელი საშუალებები, რასაც ვიყენებ, აუცილებლად უნდა ეთავსებოდეს ჩემს მორალურ კოდექსს. არ უნდა შემაწუხოს მერე. ამაყის „გონორი“ აქვსო, ჩემზე რომ ამბობენ. ეს, იცით, რა არის? ვინმეს ზემოდან კი არ ვუყურებ, ათასი ცილისწამება მომისმენია ჩემზე, მაგრამ შინაგანად არ დავუშვებ, რაიმე ისეთი გავაკეთო, რომ შემაწუხოს. 

რამდენად მოქმედებს თქვენზე, როდესაც სოციალურ ქსელებში უარყოფითი კომენტარები იწერება ხოლმე? ბულინგი, საშინელი ფორმებით და არამხოლოდ თქვენზე.

ჩემზე ტროლები და მთელი ფაბრიკა მუშაობდა, მათ შორის, „ქართული ოცნების“. სოციალურ ქსელს ზუსტად ამიტომ არ ვუთმობ დიდ დროს. ბევრი აგრესიაა. რომ გითხრათ, არ მოქმედებს–მეთქი, მოგატყუებთ, მოქმედებს, მაგრამ უკვე იმდენი რამ მოვისმინე ჩემზე, იმდენი რამ დამაბრალეს და დაუმსახურებელი შეურაცხყოფა მივიღე, რომ რაღაცნაირად ამ ყველაფერზე რეაქციამ აზრი დაკარგა.

წარმატებისთვის რა არის ყველაზე მთავარი?

ამაზე ხშირად მიფიქრია. დიდი ხანია, სტუდენტებთან ლექციებს ვკითხულობ და ისინიც მეკითხებიან ხოლმე. ერთი კონკრეტული თვისება არ ჰყოფნის, წარმატებისთვის საჭიროა – უპირველესად, განათლება, ფასეულობებისადმი ერთგულება, პასუხისმგებლობის გრძნობა, შრომისმოყვარეობა და ორგანიზებულობა. პროფესიონალი და კომპეტენტური უნდა იყო, ღირებულებათა სწორი სისტემა უნდა გქონდეს. ეს თაიგული ყველა შემთხვევაშია წარმატების წინაპირობა. დანარჩენი თვისებები უკვე სხვანაირად ავსებს. შენს მეზე, პირადულზე მაღლა, საჯარო ინტერესი უნდა დააყენო. შემიძლია, არანორმალურად ვიშრომო და სხვა არაფერი გამახსენდეს. 2013 წლიდან, ამ პარლამენტში ახალი სტანდარტების დამკვიდრებაში, პირადად მე, ძალიან დიდი როლი შევიტანე და ამას ყველა აღიარებს.

რა კომპლექსები აქვს ეკა ბესელიას?

საცურაო კოსტიუმზე რაც გითხარით, ისიც კომპლექსია. მინდა, თავისუფლად ვიარო, მაგრამ საკუთარ თავს ვერ ვაძლევ უფლებას, არ მინდა, ვინმეს ზედმეტად მოხვდეს თვალში და გამაღიზიანებელი ვიყო. ბევრ რამეს ვერიდები ...

ყველაზე კომფორტულად სად გრძნობთ თავს?

სახლში, შვილებთან და ტაძარში.

ყველაზე ფასეული რა არის?

შვილები, მშობლები და სამშობლო.

რისი გეშინიათ?

იცით, შიში არ მაქვს. ერთადერთი, უფლის მეშინია, რამე ისეთი არ გავაკეთო, რომ იქ არ მიმესვლებოდეს, სადაც ყველა მივდივართ.

ავტორი: თამთა დადეშელი