„შენს შემდეგ არ მიცოცხლია... შენ შემდეგ გავიყინე“ - თურქეთში გარდაცვლილი 6 წლის ნიას დედა

20:13 10-04-2019
2399

„შენ შემდეგ არ მიცოცხლია. ვცხოვრობ. შენ შემდეგ გავიყინე...ყველანაირი შეგრძნება დავკარგე. მეც დავიკარგე...“ - თურქეთში გარდაცვლილი 6 წლის ნიას დედა ქთი ცირეკიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

„გგონია მე უშენოდ ვარ? არა! შენ სულ ჩემთან ხარ და მე სულ შენთან ვარ. რამ გაგვყო მე და შენ...არაფერმა. შენ ჩემში იმაზე მეტი ხარ, ვიდრე მე. ჩემთვის ადგილი აღარ დარჩა...მიხარია. მინდა უფრო გაბევრდე და სულ შენ იყო,დე. ჩემო სიცოცხლე, მიყვარხარ უსაშველოდ...

ყოველ დილით სარკიდან რომ მიცქერს ძაძებიანი ქალი, მძულს... მძულს ჩემი თავი უსასტიკესი სტატუსით - შვილმკვდარი დედა... შენ შემდეგ გაგრძელებული ჩემი ცოცხალმკვდრობა მძულს... ძალით ნათრევი, დაცემის შიშით გადაგორებული დღეები მძულს... მზარავს სახლში დასადგურებული ცივი სიჩუმე... უშენოდ დარჩენილი ჩემი თავი მძულს... სად არის ხსნა? არის კი?! არა!არა და არა. ვერ ვუძლებ...თითქმის ვერ ვუძლებ...“, - წერს ქეთი ცირეკიძე.

ნია გოგუა თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში 23 აგვისტოს გარდაიცვალა. პატარა გოგონა თურქეთში ეფშტეინბარის დიაგნოზით 1 თვის განმავლობაში მკურნალობდა. 

ნია გოგუას მძიმე დიაგნოზი დაახლოებით 2 წლის წინ საქართველოში დაუსვეს. მანამდე მედიკოსები ფიქრობდნენ, რომ ბავშვს სიმსივნე ჰქონდა.