ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

21:47 10-03-2019
44

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გოტემიოლერთან გამართულ ორმხრივ შეხვედრას დაესწრო.

შეხვედრაზე, რომელიც ბათუმში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი და ნატოს დელეგაციის სხვა წევრებიც იმყოფებოდნენ.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში მიღწეულ პროგრესზე, ასევე, რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე.

მხარეებმა შავი ზღვის რეგიონში პრაქტიკული თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაძლიერების გზებზეც იმსჯელეს. პოზიტიურად შეფასდა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და მართლმსაჯულების კუთხით გადადგმული ნაბიჯები.

ქართულმა მხარემ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.