სახიფათოდ გადატვირთული ციხე, სადაც ჯიჰადისტები ერთმანეთზე მიჯრით წვანან

14:01 10-03-2019
595

ნარინჯისფერ სამოსში გამოწყობილი, გამხდარი, თავგადაპარსული მამაკაცები და ბავშვები, მძიმე პირობების საპყრობილეში ერთმანეთზე მიჯრით წვანან. მათ არც თავისუფლად მოძრაობის შესაძლებლობა აქვთ, არც საწოლი, არც ჰიგიენის საშუალებები.

ამ ვითარების ამსახველ ექსკლუზიურ ვიდეო-მასალას The Times აქვეყნებს.

ეს არის ციხე სირიაში, სადაც „ისლამური სახელმწიფოს“ 5000 მებრძოლი ჰყავთ დაპატიმბრებული. დაკავებულ ჯიჰადისტებს შორის არიან უცხოეთის მოქალაქეები, კერძოდ ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, ბელგიიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან.  თითოეული მათგანი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მიმდევარია და სწორედ ლიდერის მოწოდების საფუძველზე შეუერთდნენ ხალიფათს სირიასა და ერაყში.

გავრცელებული ვიდეოს ფონზე, დასავლურ მედიაში, ჯიჰადისტების ციხეს ჯოჯოხეთურს უწოდებენ და ბედის ირონიად განიხილავენ იმ ფაქტს, რომ მათი მსხვერპლი ადამიანების მსგავსად, ახლა ტერორისტები თავად არიან ნარინჯისფერ სამოსში გამოწყობილი.

ციხეში ჟურნალისტის სტუმრობისას, ბევრმა პატიმარმა გამოთქვა პროტესტი და აღნიშნა, რომ ისინი უდანაშაულოები არიან და რომ სასამართლოსა და განაჩენის გამოტანის გარეშე იმყოფებიან ტყვეობაში.

„ისლამური სახელმწიფოს“ ქურთი მებრძოლები დასავლეთისგან შველას ითხოვენ. ადგილობრივი ხელისუფლება კი არ გამორიცხავს, რომ ეს ციხე თავად იქცეს ტერორისტების სამიზნედ, რადგან დაჯგუფების ლიდერმა თავის მიმდევრებს მოუწოდა, ციხეში მყოფი ჯიჰადისტები ნებისმიერ ფასად გაეთავისუფლებინათ.

The Times წერს, რომ ციხეში მყოფმა ერთ-ერთმა ჯიჰადისტმა მას პირადად მიმართა: “ჩვენ სასამართლოს ვიმსახურებთ და ეს მაინც გაგვიკეთეთ!“

კანადელმა ტყვემ კი აღნიშნა: „ჩვენ არც უფლებები გვაქვს, არც სასამართლო და არც იმედი!“

ციხეში მყოფი ჯიჰადისტების დიდი ნაწილი აცხადებს, რომ ისინი ISIS-ის პროპაგანდის მსხვერპლად იქცნენ. პატიმრების თქმით, სირიაში იმ მიზნით ჩავიდნენ, რომ ღარიბებს დახამრებოდნენ და მათი ინტერესების დასაცავად ებრძოლათ.

„დაჯგუფებას ჯერ კიდევ მანამ შევუერთდი, სანამ ხალიფათი გამოცხადდებოდა. მანამ, სანამ ხალხისთვის თავის მოკვეთას და ამის ვიდეოზე გადაღებას დაიწყებდნენ, სანამ ტყვეებს დაწვავდენ. ჩვენ მაშინ ჩამოვედით, როცა პროპაგანდა ღარიბების და სირიელი ხალხის დახმარებისკენ მოგვიწოდებდა.“-აცხადებს ბრიტანეთის მოქალაქე, 22 წლის აზილ მუთანა.

ევროპის ქვეყნები არ არიან დაინტერესებული ამ ციხიდან თავიანთი მოქალაქეების გათავისუფლებით და სამშობლოში ექსტრადირებით.

ავტორი: მარიამ გიგანი