რითია გამორჩეული დოლჩე და გაბანას ვილა, რომელიც დღეს 5,85 ფუნტად იყიდება?

15:43 10-02-2019
32

დიზაინერული წყვილმა თავისი უძრავი ქონება გასაყიდად ამ ზაფხულს გამოიტანა. 
Dolce & Gabbana-ს ხელოვნების მხურვალე ქომაგებიდან ნამდვილად მოიძებნება ვინმე, ვისაც ეს წინადადება დააინტერესებს და აი, რატომ...

ახალი პატრონი სულ რაღაც 5,85  ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ (მართალია, რეალტორი კომპანიის ვებ-გვერდზე მითითებულია „ფასი შეთანხმებით“, თუმცა 5,85 ფუნტი თავდაპირველად „გაეპარათ“ საიტზე და გავრცელდა კიდეც ინტერნეტსივრცეში) შეიძენს 500 კვ. მეტრ საცხოვრებელ ფართს და ამ ფართში 7 საძინებელ ოთახს, 9 სააბაზანოს, პანორამულ ტერასას, პირდაპირ წვდომას ზღვასთან, ვერტმფრენის მოედანს. და რაც მთავარია - იმ უნიკალურ ამბებს, რომლებიც აქაურობას უკავშირდება და რომლებსაც ვერანაირ ფულად ვერ იყიდი...

ვილა მდებარეობს კუნძულ სტრომბოლიზე, ტირენიის ზღვაში, სიცილიის ჩრდილოეთ სანაპიროსთან.

ვილა გარშემორტყმულია აყვავებული ბაღებით, რომლებიც სავსეა ხმელათაშუაზღვის მცენარეებით.

ამ შემთხვევაში ექსტერიერი იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, როგორც ინტერიერის სტილი. აქ ყველაფერი დიზაინერული წყვილის გემოვნებით არის გაკეთებული. ავეჯი, ტექსტილი და ინტერიერის ნივთები, ძირითადად, ხელნაკეთია.

ცნობილია, რომ დიზაინერები უპირობოდ არიან შეყვარებულები სიცილიაზე, რომელიც მათი შემოქმედების მუდმივი შთაგონებაა. ასევე - ეოლიური კუნძულების კულტურასა და ისტორიაზე, რომელიც იქაურ ტრადიციებს უდევს საფუძვლად.

ამ ვილაზე დომენიკო და სტეფანო ერთად ატარებდნენ ზაფხულის თვეებს 1999 წლამდე, ვიდრე წყვილი დაშორდებოდა. თუმცა მას შემდეგაც არაერთი ხმაურიანი წვეულება მოუწყვიათ. აქაურობა ბევრჯერ ყოფილა მსოფლიო დონის ვარსკვლავების მასპინძელი. 

2014 წელს სტრომბოლიზე ცნობილმა რეჟისორმა პაოლო სორენტინომ გადაიღო Dolce & Gabbana-ს ბრენდის მამაკაცის პარფუმის Intenso Cologne-ს სარეკლამო კლიპი, ლეგენდარული კოლინ ფარელის მონაწილეობით.


მანამდე კი მსოფლიომ კუნძულ სტრომბოლის ღვთიური სილამაზე, შეიძლება ითქვას, რეჟისორ რობერტო როსელინის  დამსახურებით გაიცნო, რომელმაც აქ 1949 წელს გადაიღო თავისი შედევრი „სტრომბოლი, ღმერთის მიწა“ (იტალ. Stromboli, terra di dio). ფილმში მთავარ როლს ინგრიდ ბერგმანი ასრულებს. სწორედ სტრომბოლზე გადაღებების დროს დაიწყო რეჟისორსა და მთავარ გმირს შორის  დიდი სიყვარული და პარალელურად დამთავრდა როსელინსა და ანა მანიანს შორის ვნებიანი რომანი. და ეს იმ დროს, როცა მანიანის უკვე მოპოვებული აქვს საყოველთაო აღიარება და იტალიური კინოს სახეა. ბერგმანისა და როსელინის რომანმა და, შედეგად, ბერგმანის ფეხმძიმობამ დიდი სკანდალი გამოიწვია აშშ-ში, რადგან იმ დროისთვის ინგრიდი სხვაზე იყო დაქორწინებული.

ასე რომ, ეს მხოლოდ უბრალო შენობა არ არის, თუნდაც უზადო და უნიკალური ინტერიერით, ეს არის ისტორია, რომელიც განუმეორებელი და, ამდენად, შეუფასებელია.

***

თუ გაინტერესებთ მშენებლობისა და რემონტის დეტალები, ძალიან სასარგებლო ინფორმაციას მიიღებთ ვებგვერდებზე:

https://samsheneblobade.ge

გამათბობლის შეფუთვა