სამხედრო მრეწველობის განვითარება, ჯარის აღჭურვა, ფრონტ ოფისები, აშშ-თან თანამშრომლობის გაძლიერება - ღარიბაშვილის გეგმები

00:19 10-02-2019
30

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „დღის ქრონიკა თეა სიჭინავასთან ერთად“ უწყების მომავალ გეგმებზე ისაუბრა.  სამხედრო მრეწველობის განვითარება, ჯარის უკეთესი აღჭურვა, ფრონტ ოფისების გახსნა, ჯარისკაცებისთვის ღირსეული პირობების შექმნა, ყაზარმების გარემონტება და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-თან თანამშრომლობის გაძლიერება, ეს თავდაცვის მინისტრის პრიორიტეტებია.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, წლის ბოლოს განახლდება ხელშეკრულება ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ასევე გაგრძელდება ყველა ის პროექტი, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას მნიშვნელოვნად აძლიერებს. მან მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს GDRP-თვის და იმ არსებითი მხარდაჭერისათვის, რომელსაც ქვეყანა სტრატეგიული პარტნიორისგან იღებს.

„მე ციტირებას მოვახდენ ჩვენი ჯარისკაცების სიტყვების, რომ მათი მომზადების დონე არის როგორც თეთრი და შავი. 10 წლის წინ სადაც ვიყავით მომზადების დონით, დღეს გაცილებით მაღალ დონეზე ვართ. ეს არის რეალური და ხელშესახები დახმარება, რომელსაც ჩვენ ამერიკელები გვიწევენ. ასევე JTEC - ის ცენტრი, რომელიც კრწანისის ბაზაზე არსებობს და ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები არიან ჩართულები ძალიან წარმატებულად ვმუშაობთ. ჩვენ ავღანეთის მისიაში ვაგრძელებთ მონაწილეობას. ჩვენი ამერიკელი ექსპერტების ჯგუფი არის სრულად ჩართული ჩემს მიერ დაანონსებულ რეფორმებში და სრული მხარდაჭერა გვაქვს, როგორც ამერიკელი პარტნიორებისგან, ასევე თვითონ უწყების მხრიდან“, -განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

სამხედრო მრეწველობის განვითარება  - მთავარი პრიორიტეტი

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ის მაქსიმალურად მხარს დაუჭერს და წაახალისებს სამხედრო მრეწველობას საქართველოში, რადგან ეს ხელს შეუწყობს რესურსების დაზოგვასა და ადგილობრივი წარმოების განვითარებას.

„ამაზე მუშაობა დაწყებულია. მოგეხსენებათ, არსებობს კომპანია „დელტა“, რომელიც ამ საქმით არის დაკავებული, მაგრამ მე მინდა მაქსიმალური მხარდაჭერა გამოვუცხადო და პირადად ჩემგან მათ ექნებათ წახალისება, რომ ადგილობრივი წარმოების ვაზნების წარმოება დავიწყოთ საქართველოში. ვაზნებზე ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ, მილიონები გადის ყოველწლიურად, დაახლოებით 15-20 მილიონი. ეს არის ერთი სიკეთე, რომელიც შეიძლება მოხდეს ამ ქარხნის გაკეთების შემდეგ, ხოლო მეორე, გაცილებით უფრო დიდი, შეუზღუდავი რაოდენობით შეიძლება გამოიყენონ ჩვენმა ჯარისკაცებმა ვარჯიშებისთვის, წვრთნებისთვის და ა.შ.“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სამხედრო ეკიპირების გაუმჯობესება

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მომავალ წელს ჯარისკაცების ფორმის, სამხედრო ფეხსაცმლის და მათი სამხედრო ეკიპირების გაუმჯობესება იგეგმება.

ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივი წარმოების სამხედრო ფორმისა და ფეხსაცმლის საქართველოში წარმოებას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

„მოგეხსენებათ, ფორმები არის მუდმივი გამოწვევა. ეს იქნება ჩემი მუდმივი ამოცანა, რომ ჯარისკაცს ჩავაცვა ხარისხიანი ფორმა. ეს არის ელემენტარული, თუმცა არის გამოწვევა. ჩემი ამოცანა იქნება, რომ ჯარს ეცვას ხარისხიანი ფორმა, ხარისხიანი ფეხსაცმელი და ცხოვრობდეს ღირსეულ პირობებში, ჩვენს ყაზარმებში. ჩვენი ამოცანაა, რომ მათ ჰქონდეთ კარგი ხელფასი, კარგი დაზღვევა და მინდა, რომ ჯარი გახდეს სანატრელი ადგილი. ამას ჩვენ აუცილებლად შევძლებთ.“- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ყველა რაიონში ფრონტ ოფისების გახსნა იგეგმება

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმის და სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„არსებობს ინიციატივა, რომ გავაკეთოთ თავდაცვის სამინისტროს ფრონტ ოფისები ყველა რაიონში, „ვემსახურები საქართველოს“ იდეის ქვეშ. ჩვენ ვფიქრობთ გაწვევის სამსახურის, რეკრუტის, ასევე სამობილიზაციო სამსახურის ერთ სივრცეში მოქცევას. ჩავრთავთ საინფორმაციო ცენტრის ფუნქციას -  ეს იქნება ერთი ფანჯრის პრინციპით მოქმედი,  თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაფერისი ცენტრი, რომელიც ამავდროულად, გაზრდის ჩვენი ჯარის პოპულარიზაციას და აამაღლებს ცნობადობას საზოგადოებაში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. მე მინდა განსაკუთრებული ჩართულობა იყოს ბავშვების, ბაღის და სკოლის მოსწავლეების, რათა მათ ნახონ რეალურად რა ხდება ჯარში. მინდა, რომ მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით ჩვენს სამინისტროში სრული გამჭვირვალობა იყოს. მე სრულად ჩავრთავ მედიასა და ყველა დაინტერესებულ პირს და ყველას ვაჩვენებ, თუ რას ვაკეთებთ და რის გაკეთებას ვგეგმავთ 2020 წელს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მინისტრის განმარტებით, ახალი რეფორმა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც თავდაცვის ძალებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან დაკავშირებული გეგმები შესრულდება, რათა წვევამდელებმა ღირსეულ პირობებში იმსახურონ.  

 ინფრასტრუქტურულ პროექტებზე უპრეცედენტო თანხა იქნება მიმართული

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სამხედრო ბაზების გამართულობა თავდაცვის სამინისტროსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„2020 წლის ბოლომდე ჩემი დავალება არის, რომ ყველა ბაზაზე არსებული ყაზარმა იყოს გარემონტებული ისე, როგორც შეესაბამება ნატოს წევრ ქვეყნებს. დაახლოებით, 500 მილიონი ლარი გვესაჭიროება იმისთვის, რომ თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში შემავალი ყველა ბაზა  მოწესრიგდეს ისე, როგორც ევროპულ ქვეყნებს შეეფერება. ეს არის ამბიციური გეგმა, მაგრამ თუ გადავხედავთ ჩვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, გაისად უკვე 100 მილიონის ათვისება შეგვიძლია; მთელი ამ ინფრასტრუქტურული გეგმის 25%, დაახლოებით, იქნება შესრულებული. მომდევნო 3-5 წელიწადში, იმის მიხედვით თუ რა თანხის აკუმულირებას შევძლებთ ბიუჯეტში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის,  დაახლოებით 500 მილიონ ლარს დავხარჯავთ და ამით ყველა პრობლემა იქნება მოწესრიგებული“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. 

„თითოეული ჯარისკაცი იქნება პირადად ჩემი ზრუნვის ქვეშ“ - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მომავალი წელი ჯარისკაცებზე ზრუნვის წლად გამოაცხადა.

„2020 წელს ჯარისკაცებზე ზრუნვის წლად ვაცხადებ“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა. მისი თქმით, ძლიერი სახელმწიფოს საფუძველი ძლიერი ჯარია.

„ჩემი ხედვა და  პოლიტიკა, ამ უწყებაში მოსვლის დღიდან და მანამდეც, ზოგადად, ეფუძნება ძლიერი სახელმწიფოს იდეას. ძლიერი სახელმწიფო ვერ შედგება თუ არ იქნება ძლიერი ჯარი. ძლიერ ჯარს ქმნის ძლიერი ჯარისკაცი და ძლიერ ჯარისკაცს სჭირდება შესაბამისი დაფასება და პირობების უზრუნველყოფა. ეს უნდა გააკეთოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა, ამ შემთხვევაში მე, მინისტრმა“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.