ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტები სასწავლებლებში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან - ახალი ინიციატივა

18:20 09-21-2019
41

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტები, რომლებმაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსვლა და გამოცდებში მონაწილეობა მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ შეძლეს, სასურველ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან. „უმაღლესი განათლების შესახებ კანონში“ ცვლილების ავტორი განათლების სამინისტროა, ინიციატორი – საქართველოს მთავრობა.

საქართველოს მთავრობა აღნიშნული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს, რათა სტუდენტთა ჩარიცხვა უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის დაწყებამდე მოხდეს.

სახელმწიფოს ეს ინიციატივა შეეხება ყველა იმ აბიტურიენტს, ვინც გამოცდაზე დარეგისტრირდა და გამოხატა სურვილი, სწავლა გაეგრძელებინა, მაგრამ სრულად ან ნაწილობრივ შეეზღუდა ეს უფლება, მიუხედავად მათი ამა თუ იმ გამოცდაზე მიღებული შედეგისა.

გარდა ამისა, აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო სტუდენტის სწავლის დაფინანსებას სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტის მაქსიმალური ოდენობით სრულად განახორციელებს.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, გამოცდებზე სულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხორები 201 აბიტურიენტი დარეგისტრირდა. კანონპროექტის მიღების შემდეგ, საპროგნოზო ხარჯი 452.2 ათასი ლარი იქნება.

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები ბიუროს 23 სექტემბრის სხდომაზე წარედგინება.

წყარო: რადიო „ფორტუნა“