შშმ გოგონა საბავშვო ბაღში არ მიიღეს, სხვა ბავშვებს შეაშინებსო - მას ძვლების დეფორმაცია აქვს, ბაშკირეთში მცხოვრებ ოჯახს კი ოპერაციისთვის სახსრები არ გააჩნია

22:43 09-20-2019
581

ბაშკირეთის სოფელ ალატანში, თავის ქალის ძვლების დეფორმაციის გამო, 2 წლის სოფია საბავშვო ბაღში არ მიიღეს. ბავშვის დედას პირდაპირ უთხრეს უარის მიზეზი - სხვა ბავშვებს შეეშინდებათო. ამის შესახებ რუსულ მედიას  საქველმოქმედო ორგანიზაციის მოხალისემ, რეგინა ბირგულიევამ უამბო.

„დედას უთხრეს, რომ სოფია, რბილად რომ ვთქვათ, სხვებს არ ჰგავს, ამიტომაც, ბავშვებს შეაშინებს. ბაღის თანამშრომლები უარს იმით ხსნიან, რომ სოფიას სახე დეფორმირებული აქვს, ჩაზრდილი აქვს თითები ხელებსა და ფეხებზე და ლაპარაკიც არ შეუძლია“, - ყვება ბირგულიევა.

მისი თქმით, სოფია მშობლებთან და ბებია-ბაბუასთან ერთად ცხოვრობს ძალიან ძველ და ღარიბულ, უწყლო სახლში. ბავშვს ოპერაცია სჭირდება, მაგრამ ოჯახს ამის საშუალება არ გააჩნია. ისინი მოხუცების პენსიით და ბავშვის მამის მცირე ხელფასით ირჩენენ თავს. ის მძღოლად მუშაობს.

„მათ არ აქვთ საკუთარი აბაზანა. ძველი - სიძველისგან დაინგრა. დასაბანად მეზობლებთან დადიან. წარმოიდგინეთ, რა მძიმეა ეს ყველაფერი ბავშვის დედისთვის“, - ამბობს რეგინა.