ალერგიული სინჯი არ იცავს პაციენტს! - ანესთეზიოლოგი ყველაზე საშიშ რისკებზე 

17:13 09-19-2019
1678

რამდენიმე დღის წინ, რუსთავში, ცხვირის ოპერაციის გაკეთებამდე 19 წლის გოგო გარდაიცვალა. ოჯახის წევრები ფიქრობენ, რომ გოგოს გარდაცვალება ნარკოზის დიდმა დოზამ გამოიწვია.

აპრილში, თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი ძგიდის ოპერაციის დროს გარდაიცვალა. ირაკლი კობიაშვილს ალერგიის შედეგად ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

რა ბუნებრივი რისკები ახლავს ანესთეზიას, რა შემთხვევაში უნდა გაუკეთდეს პაციენტს სინჯი და რატომ უწოდებენ ანაფლიაქსიას „ექიმის კოშმარს“ - ამ და სხვა აქტუალურ კითხვებზე გვპასუხობს ისრაელში, ბარზილაის საუნივერსიტეტო სამედიცინო ცენტრის ექიმი ანესთეზილოგი ვასილ ხაჩიაშვილი.

ხაჩიაშვილტან ინტერვიუ mshoblebi.ge-მ ჩაწერა.

ანესთეზილოგი განმარტავს, რა არის ანაფილაქსიური შოკი.

მისი თქმით, წინასაოპერაციო, ოპერაციის და შემდგომ პერიოდში ანაფილაქსიის გამოვლენის სიხშირეა 10 000 შემთხვევიდან ერთი ან სხვა მონაცემით 20 000 შემთხვევიდან ერთი.

ანაფილაქსია ხასიათდება უეცარი დაწყებით და ყველაზე მძიმე მიმდინარეობით. გამომწვევები შესაძლებელია აღმოჩნდნენ: საკვები პროდუქტები, მედიკამენტები, მწერის ნაკბენი, ლატექსის შემცველ ნივთიერებასთან კონტაქტი და ა.შ. 60% შემთხვევებში, პირველადი კონტაქტისას არ ვითარდება ანაფილაქსიური რეაქცია, ორგანიზმი აღიქვამს ამ ნივთიერებებს როგორც სიცოცხლისთვის საშიშს და იწყებს მზადებას განმეორებითი კონტაქტისას დაიცვას ორგანიზმი. სწორედ განმეორებითი კონტაქტისას ვითარდება ანაფილაქსიური რეაქცია.

ანესთეზეოლოგი ასევე განმარტავს, რომ წინასაოპერაციო კვლევებში ალერგოლოგის კონსულტაცია ტარდება იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს აქვს მძიმე ალერგიული ფონი. წარსულში თუ ჰქონდა ანაფილაქსიური რეაქცია ან აქვს ალერგია მრავალ მედიკამენტსა თუ საკვებ პროდუქტზე, რომელიც შესაძლოა ჯვარედინ კავშირში იყოს ჩვენს მედიკამენტებთან. 

მისვე განმარტებით, ალერგიული სინჯების გაკეთება/არ გაკეთება ოპერაციის სახეობაზე დამოკიდებული არ არის!

„ვფიქრობ, მოძველებული მიდგომაა შემორჩენილი იმ დროიდან, როდესაც ეგონათ, რომ სინჯი ადამიანს იცავდა. როგორც აღვნიშნე - სინჯი არ იცავს პაციენტს! შესაძლოა დაიცვას ექიმი პროკურორის ზედმეტი კითხვებისგან - მან ხომ ალერგოლოგის კონსულტაცია ჩაატარა. აქ ყველა სპეციალისტს ევალება ბაზისური სიცოცხლის შემანარჩუნებელი ალგორითმის ცოდნა“, - ამბობს ანესთეზეოლოგი. 

წყარო: mshoblebi.ge