34 მილიონი ადამიანის სისხლი 5 საათში დაიღვრება (ვიდეო) - პრინსტონის კვლევის შედეგები

12:24 09-19-2019
542

რა მოხდება თუ რუსეთსა და აშშ-ს შორის ბირთვული ომი დაიწყება?- პრინსტონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ამ კითხვას დეტალური პასუხი გასცეს და სიტუაციის უკეთ აღსაქმელად, გრაფიკული ვიდეოც მოამზადეს. მასალას Independent და სხვა დასავლური გამოცემები ავრცელებენ.

მკვლევარებმა განიხილეს თითქმის ყველა  სტრატეგია, რომლითაც ბირთვული ომი შესაძლოა რომ წარიმართოს. შედეგად კი გაირკვა, რომ ევროპის ქალაქები მიწასთან გასწორდება და მილიონობით ადამიანი დაიღუპება.

შედეგები საგანგაშოა: მკვლევარების გათვლით, ბირთვული ომის დაწყების შემთხვევაში, 5 საათში 34 მილიონი ადამიანის მოკვლაა შესაძლებელი.

ბირთვული ომის სიმულაციური ვიდეოს დასაწყისში ჩანს, რომ რუსეთი 3000 ბირთვულ სამხედრო თვითმფრინავს აგზავნის ევროპაში განლაგებულ ნატოს ბაზებზე. სამიზნე ლონდონი და მისი შემოგარენია, შემდეგ კი მთელი ევროპა. ვიდეოში ჩანს, რომ სულ რაღაც 3 საათიანი თავდასხმის შედეგად, ევროპის მთელი კონტინენტი ნადგურდება და 2.6 მილიონი ადამიანი კვდება.

ამის შემდეგ ნატო იწყებს საპასუხო თავდასხმას ამერიკის შეერთებული შტატების ხმელეთიდან და ბირთვული წყალქვეშა ნავებიდან. ნატოს სამიზნე რუსეთის ბირთვული შეიარაღებაა. ორმხრივ დაპირისპირებას ამ შემთხვევაში, 45 წუთში 3.4 მილიონი ადამიანი ემსხვერპლება.

მხარეები დამატებით იერიშებს განახორციელებენ ისეთ ტერიტორიებზე, სადაც მილიონობით ხალხი ცხოვრობს. შედეგად, 45 წუთში 85.3 მილიონი ადამიანი დაიღუპება და დაშავდება.

საერთო ჯამში, რუსეთსა და აშშ-ს შორის ბირთვული ომის შედეგად 91.5 მილიონი ადამიანი დაზარალდება, მათგან 34.1 მილიონი დაიღუპება.

პრინსტონის უნივერსიტეტის მკვლევარები განმარტავენ, რომ მათ მიერ შექმნილი ვიდეო და განვითარებული მოვლენები ეყრდნობა რეალურ სამხედრო ლოკაციებს, სამიზნეებს და შეიარაღების, თავდასხმების მასშტაბიდან გამოთვლილ მსხვერპლის მიახლოებით რაოდენობებს.



ავტორი: მარიამ გიგანი