„ოცნება“ არ გააჭაჭანებს პოლიტიკურ ველზე ალტერნატიული პოლიტიკურ ცენტრებს - გია ხუხაშვილი NDI-ის კვლევაზე

12:18 09-19-2019
161

​NDI-ის კვლევის თანახმად, „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობის 20%, ხოლო მის ოპონენტ „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს 9% უჭერს.

„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, მმართველი პარტია ამ დაბალი პროცენტული მაჩვენებლით, შეძლებს თუ არა 2020 წლის არჩევნებისთვის კოალიციის გარეშე ხელისუფლების შენარჩუნებას. ამაზე სასაუბროდ ექსპერტ გია ხუხაშვილს დავუკავშირდით.

ექსპერტის შეფასებით, „ქართული ოცნება“ ისევ ეცდება „ნაციონალური მოძრაობასთან“ დაპირისპირებაზე ააგოს ყველაფერი, არ გააჭაჭანოს პოლიტიკურ ველზე ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრები და ამაში ხედავს ის შანსს, სხვა გამოსავალი არ აქვს“.

„ქართულ ოცნებას“ რომ თავი დავანებოთ, მაგას პლუს „ნაციონალური მოძრაობა“ ერთად 30% მაღლა ვერ ადიან, ეს ნიშნავს, რომ ლეგიტიმაცია ორივე პოლიტიკურ ძალას დაკარგული აქვს. ამ დროს ცდილობენ, რომ მთელი პოლიტიკური სივრცე გაიყონ, ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში ახერხებენ, თუ ამომრჩეველს არჩევანის გარეშე დატოვებენ, ანუ შეინარჩუნებენ იმ ვითარებას, რაც დღეს არის.

NDI-ისკვლევის თანახმად, 57% არჩევანს ვერ აკეთებს, რადგან არც ერთი არ მოსწონს, მაგრამ რეალურად, არჩევანს ვერ პოულობს. ესაა პრობლემა, ისევ ნეგატიურ ციკლში ვართ. სახელმწიფოებრივი განვითარებისთვის სრულიად აუცილებელია ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრების გაჩენა, იმისთვის, რომ ეს ნიჰილიზმითა და სკეპტიციზმით ინფიცირებული ამომრჩეველი დაუბრუნოს პოლიტიკურ ცხოვრებას, ჩვენ სამომავლოდ ვინც არ უნდა ავირჩიოთ სამომავლოდ ამ მანკიერების პირობებში, ვერც ერთი ხელისუფლება ვერ იქნება ლეგიტიმური“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე