ბანკომატთან მდგარ პენსიონერს ორსული ქალი დაესხა თავს (ვიდეო)

12:08 09-19-2019
4205

81 წლის პენსიონერ ქალს ბანკომატიდან თანხა გამოჰქონდა, როდესაც მას ძარცვის მიზნით, ორსული ქალი დაესხა თავს.

ინციდენტი, რომელიც ინგლისის ქალაქ ბირმინგემში მოხდა, სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა. ვიდეო ბრიტანულ მედიაში გავრცელდა.

81 წლის დორინ ჯონსზე სიუჟეტი მომზადდა BBC-ს კრიმინალურ გადაცემაში, სადაც პენსიონერმა თავსგადამხდარი ინციდენტი დეტალურად გაიხსენა.

„ვიფიქრე, არა, შენ ჩემ ფულს არ მოგცემ, რადგან მე ამ ფულისთვის ბევრი ვიშრომე,“- განაცხადა დორინმა.

პენსიონერმა თავდამსხმელი ორსული ქალი მოიგერია.

„ყვირილი დაიწყო, არ ვიცი რა აკივლემდა, სიტუაციიდან გამომდინარე, წესით, მე უნდა მეკივლა და მეტირა,“-იხსენებს დორინი.

პენსიონერ ქალზე ამ თავდასხმამ იმდენად იმოქმედა, რომ ინციდენტის შემდეგ ორჯერ გადაიტანა ინფარქტი.

შემთხვევა 20 მაისს მოხდა, თუმცა პოლიციამ სათვალთვალო კამერის კადრები მხოლოდ ახლა გაავრცელა. თავმდამსხმელი ქალი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა და სამართალდამცველები მას დღემდე ეძებენ. პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, მიაწოდონ ნებისმიერი ინფორმაცია თუკი ამ ქალს ამოიცნობენ.

ავტორი: მარიამ გიგანი