რა კრიტერიუმებით შეიწყალა პრეზიდენტმა მსჯავრდებულები - სია კონფიდენციალურია

19:32 09-17-2019
244

მარიამობის დღესასწაულისთვის 34 პატიმრის შეწყალება სალომე ზურაბიშვილის მიერ ხმაურიანი აღმოჩნდა. კრიტიკის ქარცეცხლში არაერთხელ გატარებული პრეზიდენტი, ბოლოერთ თვეში უკვე მეორედ გახდა მწვავე კრიტიკის ობიექტი.

გაირკვა, რომ ერთ-ერთი შეწყალებული რამაზ დევაძე ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.

ფაქტის გახმაურებას პრეზიდენტის მიმართ მწვავე კრიტიკა მოჰყვა, როგორც საზოგადოების მხრიდან, ასევე პოლიტიკურ წრეებში.

ოპოზიციამ ზურაბიშვილს კრიმინალების პრეზიდენტი უწოდა. პრეზიდენტის გადაწყვეტილება მიუღებელი და პასუხგასაცემია მმართველი გუნდისთვისაც.

პოლიციელის მკვლელის შეწყალების გამო კრიტიკა არ დამცხრალა, როცა მორიგი სკანდალური ინფორმაცია გავრცელდა.

16 სექტემბერს საზოგადოებამ შეიტყო, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ასლან ბეჟანიძე, რომელიც 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.

კიდევ ვინ შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა დევაძესთან ერთად უცნობია. ვიცით, რომ მათგან 1 არასრულწლოვანი და 8 ქალია. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სია კონფიდენციალურია.

სკანდალური საქმის ორი ფიგურანტი:

2014 წლის 27 დეკემბერს, ბათუმში, ღამის კლუბ ,,ვეგასში, 22 წლის პოლიციის ოფიცერი თარაშ მუკბანიანი მისივე ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა რამაზ დევიძემ. დევაძეს 2015 წლის 18 სექტემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ, განზრახ მკვლელობისთვის, 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გამოძიების მიხედვით კლუბში კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ბესიკ მამულაძემ ( ამჟამად ისიც მსჯავრდებულია) კლუბში მყოფ აზერბაიჯანისა და უზბეკეთის მოქალაქეებს დაუწყო შევიწროება, ხოლო პოლიციელმა თარაშ მუკბანიანმა მას დამშვიდება სთხოვა.

ამით გაღიზიანებული, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამულაძე და მასთან ერთად მყოფი დევაძე თავს დაესხნენ და 5-6 წუთის განმავლობაში დაუნდობლად სცემდნენ მუკბანიანს, დევაძემ პოლიციელს წაართვა კუთვნილი ტაბელური იარაღი და თავის არეში გასროლით ადგილზე მოკლა.

„სამართალდამცავთა დაცვის ლიგამ“ პრეზიდენტის ადმინისტრაციას შეწყალებული პატიმრების სრული სიის გასაჯაროება მოითხოვა...

როგორ მიმდინარეობს შეწყალების პროცესი? - ამ კითხვაზე ჯერ პასუხი ვერ მივიღეთ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე მხოლოდ „შეწყალების კომისიის” გრაფაში მხოლოდ შეწყალებების ქრონოლოგია და საკანონმდებო აქტებია ჩამოთვლილი.

პრეზიდენტისგან კითხვაზე პასუხი, თუ რატომ მიიღო პოლიციელისა და სტუდენტის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალების გადაწყვეტილება ჯერ არც საზოგადოებას და არც პოლიტიკოსებს მიუღიათ.

ასლან ბეჟანიძის შეწყალებასთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ.

„არ შეიძლება, რომ ამ მიმართულებით ადამიანმა, პრეზიდენტმა ან ნებისმიერმა განსწავლულმა ადამიანმა თვითშემოქმედებით იმოქმედოს“, - თქვა ვოლსკიმ.

როგორ ხდებოდა შესაწყალებელთა სია პრეზიდენთან წინ პრეზიდენტის დროს

გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს შეწყალების კომისია შემდეგნაირად მუშაობდა: შეწყალების მსურველთა განაცხადები და მათ შესახებ მასალები თავს იყრიდა კომისიაში, სადაც ხდებოდა მათი გაცხრილვა. ამის შემდეგ კი სია წარედგინებოდა პრეზიდენტს.

კრიტერიუმები, რომლითაც წინამორბედი პრეზიდენტის კომისია შეწყალების მიზანშეწონილობას აფასებდა:

რა იყო ჩადენილი დანაშაული

პატიმრის წარსული

ყოფა-ქცევა საპატიმრო ადგილზე

რეკომენდაცია

სოციალური მუშაკის დასკვნა

დაზარალებულისა და ოჯახის პოზიცია.