„ქართულმა ოცნებამ“ ადიგენში შუალედურ არჩევნებზე კანდიდატად ჭიდაობის მწვრთნელი დაასახელა

17:45 09-17-2019
36

27 ოქტომბრის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ კანდიდატები დაასახელა.

მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად ადიგენის სოფელ არალში, მმართველი პარტიის სახელით, ზურაბ ფეიქრიშვილი იბრძოლებს.

კანდიდატები „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე დაამტკიცეს, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.

მმართველი პარტიის რჩეული ადიგენის ოლქში, 37 წლის ზურაბ ფეიქრიშვილი 2001 წლიდან დღემდე ადიგენის კოპლექსური სასპორტო სკოლის თავისუფალი ჭიდაობის მწვრთნელია.

ზურაბ ფეიქრიშვილი ამბობს, რომ პოლიტიკურ ცხოვრებასთან შეხება არასდროს ჰქონია, მიუხედავად ამისა ფიქრობს, რომ არჩევნებს მოიგებს.

„ის სითბო, გაგება, რასაც მე ვგრძნობ თითოეული მოსახლისგან, მაძლევს იმის იმედს და საკმაო მოლოდინს არჩევნებში გამარჯვების. ამ სოფელში დავიბადე, გავიზარდე და სამუდამოდ მაქვს გადაწყვეტილი სოფელში ცხოვრება. თითოეული უბნის, თითუეული მოსახლის გულისტკივილი ვიცი, რა მიმართულებით სჭირდება განვითრება არალს. აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ ხმას მომცემენ“, - ამბობს ზურაბ ფეიქრიშვილი.

საკრებულოს შუალედური არჩევნები 2019 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს სამ თემში გაიმართება, მათ შორის #38 ადიგენის ოლქის ერთ უბანზე.

ავტორი: რუსკა გვარამაძე