გია ვოლსკი: „ევროპული საქართველოს“ ინიციატივა მზაკვრული გეგმაა

15:55 09-17-2019
27

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას და დადგენილების პროექტს, მზაკვრულ გეგმას უწოდებს.

მისი შეფასებით ინიციატივა ხელს შეუწყობს ქვეყნის „ეკონომიკური ინტერვენციის გამაგრებას“.

„არის გარკვეული საკითხები, რაზედაც მყისიერი რეაქციაა საჭირო. ადამიანები, რომლებიც თავის კოლეგას, მანდილოსანს მიმართავენ, რომ გაანადგურებენ, ყველაზე სუსტ ადგილში დაგარტყამ, ეს მაზოხიზმია, თუ სადიზმია, არ მესმის. ზუსტად იცის, რომ პასუხი შეუბრუნდება. სადიზმის თემაც არ მესმის, რადგან ვამპირის კბილები უკვე დააძრეს და ღმერთმა ნუ ქნას, რომ ახალი ამოუვიდეთ. რაც შეეხება იმ „უმტკივნეულო“ რეზოლუციას. ეს უმტკივნეულო რეზოლუციები რატომ შემოგაქვთ და მეორეც – ეს არ არის უმტკივნეულო რეზოლუცია. ეს არის საკმაოდ მზაკვრული გეგმა, ადრე თუ ხელი შეუწყვეს სამხედრო ინტერვენციას, ახლა ეკონომიკური ინტერვენცია გაძლიერდეს და გამაგრდეს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ.