NDI -  გამოკითხულთა 48% ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად სამუშაო ადგილებს ასახელებს

10:22 09-17-2019
36

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 48% ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად სამუშაო ადგილებს ასახელებს.

გამოკითხულთა 34% მიიჩნევს, რომ პრობლემა ფასების ზრდა/ინფლაციაა. 33% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პრობლემა სიღარიბეა, 29% ყველაზე დიდ პრობლემად ტერიტორიულ მთლიანობას ასახელებს. ამასთან, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 22% მიიჩნევს, რომ პრობლემა პენსიებია, ხოლო 19% მნიშვნელოვან პრობლემად ხელფასებს ასახელებს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.