აგრესიულ ფსევდოპატრიოტიზმს მხარს არ დავუჭერთ - თალაკვაძე „ევროპული საქართველოს“ ინიციატივაზე

17:28 09-16-2019
12

აგრესიული ფსევდოპატრიოტიზმით ეს ქვეყანა ვერ გაერთიანდება - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე ევროპული საქართველოს ინიციატივას.

არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ამ ინიციატივას მმართველი გუნდი მხარს არ დაუჭერს

„ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც იქნება აგრესიული ფსევდოპატრიოტიზმი, მმართველი გუნდი მხარს არ დაუჭერს. თუ გჯერათ რომ ტერიტორიული მთლიანობა ასე აღდგება, შეიტანეთ თქვენს საარჩევნო პროგრამაში 2020 წელს და შეხვდით საზოგადოებას, მიიღეთ მანდატი“;-  განაცხადა თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

„დღეს, ქვეყანაში მართვაზე ხელისუფლების განხორციელებაზე ძირითადი პასუხისმგებლობა აღებული აქვს „ქართულ ოცნებას“, შესაბამისად, პოლიტიკებს სხვადასხვა სფეროში აყალიბებს მმართველი გუნდი და ხელისუფლება. თქვენს დახმარებას მივესალმებოდით, თუ მართლა დაგვეხმარებით, მაგრამ ისე ვერ მოხდება რომ საგარეო პოლიტიკა, დეოკუპაციის მიმართ ჩვენი პოლიტიკა და ა.შ. თქვენ განსაზღვროთ და ჩვენ დაგეთანხმოთ. ეს მოხდება მერე, თუ თქვენ არჩევნებში მიიღებთ მონაწილეობას და შედეგს აჩვენებთ. თქვენი საგარეო პოლიტიკა ნანახი გვაქვს, ეს სერია საქართველოს ნანახი აქვს. ნახეთ, რა მოგვიტანა მაშინ იმ დეოკუპაციის პოლიტიკამ. შედეგი იყო ის, რომ ოკუპაცია გაღრმავდა ისე, რომ 200-ზე მეტი სოფელი დავკარგეთ, შედეგი იყო ის, რომ როცა ომის დროს ჯარისკაცებმა უკან დაიხიეს, მთავრობის ნაწილი გაქცეული დახვდა, სამხედრო ტექნიკა დატოვა ხელისუფლებამ სხვადასხვა ხეობებში, მოსახლეობის ევაკუაცია არ მომხდარა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციამ მიაღწია 20 პროცენტს. იმის ნაცვლად რომ თქვენ დაიჭიროთ საერთო, ეროვნული პოზიცია და ხელისუფლებას დაუჭიროთ მხარი ამ ყველაფრის შეკავებაში, გამოდიხართ და ხელისუფლებას ეუბნებით, რომ ის ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს აკეთებს, უფრო აგრესიულ ნაბიჯებს არ დგამს და ა.შ. აგრესიული ფსევდოპატრიოტიზმით ეს ქვეყანა ვერ გაერთიანდება. ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც იქნება აგრესიული ფსევდოპატრიოტიზმი, მმართველი გუნდი მხარს არ დაუჭერს. თუ გჯერათ რომ ტერიტორიული მთლიანობა ეგრე აღდგება, შეიტანეთ თქვენს საარჩევნო პროგრამაში 2020 წელს და შეხვდით საზოგადოებას, მიიღეთ მანდატი“;- განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველო“ პარლამენტს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციის თაობაზე სპეციალური დადგენილების მიღებას სთავაზობს.

დადგენილების პროექტის არსს წარმოადგენს სამი პუნქტი:

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა და 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა შევიდეს ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული სხვადასხვა სანქციების მოთხოვნებში;

2. ევროპის კავშირის და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული შესაბამისი პერსონალური სანქციების პაკეტებში “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შეტანა;

3. ევროპის კავშირის და აშშ-ს მიერ სანქციების შემოღება ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.