ცქიტიშვილმა მსხვილ ინვესტორს უთხრა, არ გვჭირდებიო - მამუკა ხაზარაძე

13:27 09-16-2019
28

ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ გადაცემა მთავარ „აქცენტებში“ განაცხადა, რომ ანაკლიის მსხვილმა საინვესტიციო ფონდმა მინისტრ მაია ცქიტიშვილთან შეხვედრა რამდენიმე დღის წინ გამართა.

მამუკა ხაზარაძის თქმით, ვიცე-პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის პორტის ინვესტორს, ინგლისურ კომპანია მერიდიანს უთხრა, რომ მისნაირი ინვესტორი არ სჭირდება.

გარდა ამისა, ხაზარაძე ამბობს, რომ კიდევ ერთ ინვესტორს, ამერიკული კომპანიას ხელისუფლების წარმომადგენელი დაუკავშირდა და ინვესტიციები შეაჩერებინა. მისივე თქმით, ინვესტორებმა ხელისუფლების წარმომადგენლის ვინაობა არ გაუმხილეს.

„მათ მიიღეს გაფრთხილება ორჯერ. ერთხელ პომპეოს გამოსვლამდე, რომ ჩვენთან შეეჩერებინათ ინვესტიცია. პომპეოს განცხადების მეორე დღეს გვიკავშირდება იგივე კომპანია და გვეუბნება, რომ მწვანე შუქი ანთებულია. გაგრძელდა ეს პროცესი, აგვისტოში ველოდებით დოკუმენტს, დაამთავრეს შიდა აუდიტი და ისევ ვიღებთ ანალოგიურ ნიშანს. ინვესტორს უთხრეს, გაჩერდიო, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე მუშაობა ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა და სახელმწიფომ 2016 წელს დაიწყეს. პროექტის მიხედვით, ანაკლიის პორტს 32 ნავმისადგომი ექნება, ხოლო მისი გამტარუნარიანობა წელიწადში 100 მლნ ტონა იქნება. პორტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან რამდენიმე ათეული კილომეტრითაა დაშორებული.