დღეიდან ჭავჭავაძის გამზირზე საავტმობილო მოძრაობა ცალმხრივად აღდგება

08:44 09-16-2019
106

ჭავჭავაძის გამზირზე მირცხულავას ქუჩიდან ვარაზისხევის ქუჩამდე მონაკვეთზე დღეიდან ტრანსპორტი ცალმხრივად იმოძრავებს და შესაბამისად, გადაადგილება შესაძლებელი იქნება მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ვაკიდან მელიქიშვილის ქუჩისკენ მოძრაობისას ტრანსპორტი გაივლის აბაშიძის ქუჩას, საიდანაც ჭავჭავაძის გამზირს მირცხულავას, ბაზალეთის ან ერისთავის ქუჩებიდან დაუკავშირდება. კეკელიძის ქუჩის მხრიდან ფალიაშვილის ქუჩისკენ მოძრავი ტრანსპორტიც ჭავჭავაძის გამზირზე ამავე ქუჩებიდან ჩაუხვევს.

ნაწილობრივ შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. ავტობუსები: N9 და N59, ასევე მიკროავტობუსები: N32, N35, N120, N126, N137, N170, N171 და N202 აბაშიძის ქუჩიდან ჩაუხვევენ ბაზალეთის ქუჩაზე, საიდანაც ჯერ ჭავჭავაძის გამზირს, შემდეგ კი – მელიქიშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან. ისინი უკუმიმართულებით უკვე არსებული მარშრუტით იმოძრავებენ ანუ გაივლიან კეკელიძის, ფალიაშვილისა და თაქთაქიშვილის ქუჩებს, საიდანაც ჭავჭავაძის გამზირზე მოხვდებიან.

ხოლო შატბერაშვილის ქუჩიდან სადგურის მოედნისკენ მოძრავი N66 ავტობუსი მრგვალი ბაღიდან შეუხვევს ჯერ ერისთავის, შემდეგ ფალიაშვილის ქუჩებზე და ჭავჭავაძის გამზირს ბაზალეთის ქუჩიდან დაუკავშირდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს. ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 15 000 000 ლარი დაიხარჯება.