„გარყვნეს და დააჩლუნგეს ბავშვები“ - ვისმა ზღაპრებმა აღაშფოთა სოციალური ქსელის მომხმარებლები

18:59 09-15-2019
259

სოციალურ ქსელში აქტიური განსჯის საგანი გახდა მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებული სტატუსი, რომელიც არჩილ სულაკაურის გამომცემლობაში დაბეჭდილ ერთ საბავშვო წიგნს შეეხებოდა, უფრო კონკრეტულად კი საბავშვო ზღაპრებს.

ფეისბუქზე გაზიარებული იყო ზღაპრის ერთი მონაკვეთი, რომელიც შემდეგი შინაარსის იყო: „იყო და არა იყო რა, იყო ერთი მეფე, რომელსაც ცოლი გარდაეცვალა. მეფემ ეს ამბავი ისე განიცადა, რომ ჭკუიდან შეიშალა. მას ცოლის მოყვანა არ უფიქრია. გავიდა დრო. მეფის ასული გაიზარდა და დედასავით მშვენიერი დადგა. შვილის შემხედვარე შეშლი მეფეს საშინელი აზრი მოუვიდა თავში და გადაწყვიტა საკუთარი ასული შეერთო ცოლად. საბრალო გოგომ არ იცოდა რა ექნა, მან დახმარება მეგობარ ფერიას სთხოვა“.

სოციალური ქსელის ასობით მომხმარებელმა საბავშვო ზღაპრის შესახებ სტატუსი გააზიარა და არც სალანძღავი კომენტარები დაიშურა ავტორის და გამომცემლის მიმართ.

„სადამდე დავეცით“, „ამის დამწერსაც და დამბეჭდავს თავი უნდა მოაჭრა“, „ეტყობა თურქულ და ბრაზილიურ სერიალებს უყურა ამისმა დამწერი“,  „გარყვნეს ბავშვები და დააჩლუნგეს“- ამ და მსგავს კომენტარებს წერდნენ სოციალურ ქსელში წიგნის მისამართით.

საბავშვო ზღაპრების წიგნი მართლაც ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში დაიბეჭდა. ეს ინფორმაცია გამომცემლობის ხელმძღვანელმა თინა მამულაშვილმაც „პრაიმტაიმს“ დაადასტურა.

მაგრამ გამოქვეყნებული ზღაპარი არც მეტი არ ნაკლები, წითელქუდას, ლურწვერას, ჩექმებიანი კატას, ცეროდენას ავტორს, შარლ პეროს ეკუთვნის.

„რა კომენტარი უნდა გავაკეთო, როცა ადამიანს ზღაპარი არ აქვს წაკითხული“, - განაცხადა მამულაშვილი.

მისივე თქმით, ზღაპრების სერია ცნობილი იტალიური საგამომცემლო სახლის მიერ გამოცემული ადაპტირებული ვერსიაა, რომელიც ქართულად ითარგმნა.