არავინ არსად არ მიგვიღებს, შეწყდეს სიყალბე ნატოსთან დაკავშირებით - დავით თარხან-მოურავი

16:54 09-15-2019
569

„ჩვენი მოთხოვნაა სამხედრო მიუმხრობლობა. ახალი სამშვიდობო პოლიტიკა, პირდაპირი დიალოგი მოსკოვთან და აფხაზეთთან“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა განაცხადა.

მისის თქმით, ტყუილია იმაზე ლაპარაკი, რომ ჩვენ ნატოში შევალთ.

„ჩვენი მოთხოვნაა, შეწყდეს ლაპარაკი, რომ თითქოს არ მფარველობთ სააკაშვილს და ბოკერიას. შეწყდეს მათი დაფინანსება, ყოველგვარი ორგანიზაციების შექმნა და შეწყდეს პროვოკაციები. არავინ არსად არ მიგვიღებს ჩვენ. შეწყდეს ყოველგვარი სიყალბე ნატოსთან დაკავშირებით. მე ბევრჯერ მითქვამს კარგია, თუ 29 ქვეყანა შენ დაგიჭერს მხარს, ეს არ მოხდება, ეს არის სიცრუე. 30 წელი ვისწრაფოდით და ვერაფერი ვერ მივიღოთ, იმიტომ რომ მთავარი წევრები, გერმანია და საფრანგეთი ღიად ამბობენ ჩვენს მხარდაჭერაზე უარს.

ჩვენი მოთხოვნაა სამხედრო მიუმხრობლობა. ახალი სამშვიდობო პოლიტიკა, პირდაპირი დიალოგი მოსკოვთან და აფხაზეთთან“, - განაცხადა აქციის დასრულების შემდეგ დავით თარხან-მოურავმა.

შეგახსენებთ, დღეს „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები ამერიკის საელჩოსთან აქციას გამართავენ.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ დევიდ კრამერი პერსონა „ნონ-გრატად“ გამოცხადდეს. ამავე მოთხოვნით მათ აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთანაც გამართეს.

შეგახსენებთ, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე მიწვევის გარეშე მივიდა და ღონისძიების ჩაშლა სცადა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ დევიდ კრამერმა, ჟურნალისტებს და ინაშვილს მოუწოდა, შენობიდან გასულიყვნენ, რის შემდეგაც კრამერსა და ინაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა.

ამის შემდეგ სიტუაცია შენობის გარეთ დაიძაბა. „ობიექტივის“ ჟურნალისტმა რასმუსენის განცხადებები გააკრიტიკა და ამის შემდეგ თამარ ჩერგოლეიშვილს დაუპირისპირდა.

ვითარების გასამუხტავად ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.