ფრანკფურტის რადიოში ქართულენოვანი გადაცემა „სულიკო“ გავა

09:31 09-15-2019
93

ქალაქ ფრანკფურტის რადიო არხზე ქართულენოვანი გადაცემა „სულიკო“ გავა. მის შესახებ სოციალურ ქსელში პაატა ბოლოთაშვილი წერს.

გადაცემის თემა „ქართული ღვინო გერმანიაში - უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ სასმელი“ იქნება.

როგორც პაატა ბოლოთაშვილი ამბობს, რადიო არხმა 6 საცდელი გადაცემა დაუშვა. ამის შემდეგ, რადიო არხი მიიღებს გადაწყვეტილებას, გაუშვას თუ არა გადაცემა პირდაპირ ეთერში. ერთ-ერთი კრიტერიუმი, რა თქმა უნდა, ის იქნება, თუ რამდენი მსმენელი ეყოლება გადაცემას.

„ეს, ალბათ,  პირველი შემთხვევაა, როცა გერმანული საზოგადოებრივი მაუწყებლის რაიდიოეთერში ქართულენოვანი გადაცემა გადის. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ გადაცემის სულისჩამდგმელმა პირველი გადაცემის სტუმრად მე მიმიწვიეს. მოხარულები ვიქნებით, თუ შემოგვიერთდებით“, - წერს პაატა სოციალურ ქსელში.

გადაცემა 17 სექტემბერს, ევროპული დროით 13:00 საათზე გავა. გადაცემის მოსმენა ფრანკფურტის მიდამოებში შესაძლებელია ტალღაზე FM 91.8. ასევე რადიოარხის გვერდზეც.