როგორ მივაჩვიოთ პატარები ბაღში სიარულს - პედიატრის რჩევები

23:08 09-14-2019
316

პედიატრი და მედიცინის დოქტორი თამარ ობგაიძე წერს იმის შესახებ, როგორ მივაჩვიოთ პატარები ბაღში სიარულს.

გთავაზობთ ექიმის რეკომენდაციებს ამ თემაზე:

ადაპტაცია ახალ გარემოსთან, ახალ ადამიანებთან ზოგჯერ ისეთი დიდი პრობლემაა, რომ ბავშვის ცრემლებით, ქცევის დარღვევებით და ბოლოს, საბავშვო ბაღზე საბოლოოდ უარის თქმით სრულდება.

სანამ სწავლო წელი დაიწყება

ადაპტაცია, უმჯობესია, დიდი ხნით ადრე დაიწყოთ. ხშირად მოუყევით ბავშვს, რომ ის მალე საბავშო ბაღში წავა, სადაც მასწავლებელი და ბევრი ახალი მეგობარი ეყოლება, სადაც ახალი სათამაშოები, გართობა და მხიარულება ელის. დაანახეთ საბავშო ბაღი საუკეთესო კუთხით.

სასწავლო წლის დაწყებამდე ესტუმრეთ საბავშვო ბაღს. ერთად დაათვალიერეთ ის ოთახი, სადაც მას ყოფნა მოუწევს. შეხვდით მასწავლებელს. გაისეირნეთ ბაღის ეზოში.

პირველი დღე ბაღში

შეეცადეთ, დილიან მხიარული განწყობა შეუქმნათ პატარას, აქციეთ ეს დღე ზეიმად, ამაში ამაღლებული განწყობა, ახალი სამოსი და მცირე საჩუქარიც დაგეხმარებათ.

საბავშვო ბაღში მისვლისას კიდევ ერთხელ წარუდგინეთ მასწავლებელი და აღსაზრდელი ერთმანეთს. შეეცადეთ, ბავშვმა იგრძნოს, რომ მასწავლებელი თქვენთვის ახლობელი და სანდო ადამიანია.

პირველ დღეებში ნუ დატოვებთ ბაღში მთელი დღის მანძილზე, თანდათან გაზარდეთ დაყოვნების დრო.

გამომშვიდობება არ უნდა იყოს ხანგრძლივი. ამან შესაძლებელია კიდევ უფრო გააღიზიანოს ბავშვი.

დაემშვიდობეთ მოკლედ და გულთბილად და დაპირდით, რომ სულ მალე მიაკითხავთ.

სახლში დაბრუნებისას აუცილებლად მოაყოლეთ შთაბეჭდილებები და შექება არ დაგავიწყდეთ.

წყარო: fortuna.ge