მოძალადე მამისგან თავის დასაღწევად გოგონამ 2500 პიროვნება მოიგონა - ისტორია

19:17 09-14-2019
4297

სასამართლოში ერთ მოწმე ქალს უსმენდნენ, მაგრამ მისი პირით 6 ადამიანი ლაპარაკობდა, რომლებიც მზად იყვნენ გადატანილი ტანჯვის შესახებ ესაუბრათ.

როდესაც ჯენი ბავშვი იყო, მას მუდმივად აუპატიურებდა საკუთარი მამა რიჩარდ ჰეინსი. ავსტრალიის პოლიცია ამ ისტორიას ბავშვებზე ძალადობის ერთ-ერთ ყველაზე საშინელ შემთხვევად აფასებდა. 

იმისათვის, რომ ფსიქიკური ტრავმა გადაეტანა, გოგოს ტვინმა ტაქტიკა შეიმუშავა და შეუქმნა ახალი იდენტობები, რათა ბავშვს ტკივილი აღარ ეგრძნო. ძალადობა იმდენად სასტიკი და შეუჩერებელი იყო, რომ გადასარჩენად ჯენის 2500 პიროვნების შექმნა მოუწია. 

2019 წლის მარტში შედგა სასამართლო მოსმენა, რომელზეც ჯენი მამის წინააღმდეგ რამდენიმე თავის იდენტობასთან ერთად გამოვიდა. მათ შორის იყო 4 წლის გოგო სახელად სიმფონი. 

ეს ავსტრალიაში და სავარაუდოდ მთელ მსოფლიოშიც პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მსხვერპლმა, რომელსაც „იდენტობის დისოციაციური აშლილობა“  აქვს, თავისი მოგონილი პიროვნებები სახელით მისცა ჩვენება და სასმართლო პროცესი მოიგო.

6 სექტემბერს, სიდნეის სასამართლომ 74 წლის რიჩარდ ჰეინს 45 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 

„საკუთარ ტვინშიც კი თავს უსაფრთხოდ არ ვგრძნობდი“

ჰეინსების ოჯახი ლონდონიდან ავსტრალიაში საცხოვრებლად 1974 წელს გადავიდა. ჯენი 4 წლის იყო, მაგრამ მამამისს უკვე დაწყებული ჰქონდა მასზე ძალადობა. სიდნეიში მისი ქმედებები კიდევ უფრო სადისტური გახდა.

„მამაჩემის მხრიდან ძალადობა გათვლილი და დაგეგმილი იყო. ის ყოველი წამისგან იღებდა სიამოვნებას. მას ესმოდა, როდესაც ვეხვეწებოდი, რომ გაჩერებულიყო. ესმოდა, როგორ ვტიროდი. ხედავდა ტკივილს, რომელსაც განვიცდიდი და მეორე დღეს კვლავ იმეორებდა იმავეს“, - ჰყვება ჯენი სასამართლო პროცესზე. 

ჰეინსი არწმუნებდა ქალიშვილს იმას, რომ შეუძლია მისი აზრების კითხვა. ის დედის, ძმის და დის მკვლელობით ემუქრებოდა, თუ ბავშვი გადაწყვეტდა ძალადობაზე დაფიქრებას, არამც თუ რამის თქმას. 

იმისათვის, რომ გრძნობები დაემალა, ჯენი სიმღერით ცდილობდა გამოეხატა ფიქრები: Do you really want to hurt me/ Do you really want to make me cry („მართლა გინდა მატკინო, მართლა გინდა, რომ მატირო“).

ჯენიმ ისწავლა სკოლაში ჩუმი და შეუმჩნეველი ყოფილიყო. იმ შემთხვევაში, თუ ვინმე ყურადღებას გამოხატავდა, მამა მას სჯიდა. ასე მოხდა მაგალითად მაშინ, როდესაც ცურვის მწვრთნელმა მშობელს უთხრა, რომ ჯენის ტალანტი აქვს და საჭიროა, რომ უფრო მეტი იმუშაოს საკუთარ თავზე.

ჯენი ცემის და გაუპატიურებების შემდეგ სამედიცინო დახმარებას არ იღებდა, რის გამოც მას ქრონიკული დაავადებები განუვითარდა. დღეს ის 49 წლისაა. მხედველობის პრობლემები აქვს. დაზიანებული აქვს ყბა, ნაწლავები, ანუსი და კუდის ძვალი.

ჯენის ცხოვრებაში ძალადობა 11 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

....

თანამედროვე ავსტრალიელი სპეციალისტები ჯენის მდგომარეობას „იდენტობის დისოციაციურ აშლილობას“ უწოდებენ. მათი თქმით, ეს დაკავშირებულია ბავშვობაში გადატანილ დიდ სტრესთან. 

ჯენი ჰყვება, რომ მისი პირველი მოგონილი პიროვნება სიმფონი იყო - 4 წლის გოგო, რომელიც მიმდინარე დროში ცხოვრობს. „ის ყოველ წუთას იტანჯებოდა, როდესაც მამა ჩემზე ძალადობდა. როდესაც ის ცუდად ექცეოდა მის შვილს ჯენის, სინამდვილეში სიმფონი იტანჯებოდა“, - ჰყვება აშლილობის მქონე ჯენი. 

გადიოდა წლები და თავად სიმფონიმ დაიწყო ახალი პიროვნებების შექმნა. ყოველ იდენტობას თავისი როლი ჰქონდა, რომელიც ეხმარებოდა მას გადაეტანა ძალადობა. 

ჯენის იდენტობები

დაკუნთული - მოზარდი ბიჭი. მაღალი. აცვია ტანსაცმელი, რომელიც აქცენტს აკეთებს, მის კუნთებზე. ის მშვიდი და მზრუნველია.

ვულკანი - ძალიან მაღალი და ძლიერი ბიჭი. აცვია მუდმივად შავი ტყავის ტანსაცმელი. თმებს წითლად იღებავს.

რიკი - 8 წლის ბიჭი, მაგრამ მას რუხისფერი კოსტიუმი აცვია. თმები მოკლედ აქვს შეჭრილი. 

ჯუდასი - საშუალო სიმაღლის. ჟღალთმიანი. აცვია რუხი შარვალი და მწვანე სვიტერი. გამოიყურება ისე, თითქოს მუდმივად აპირებს რაღაცის თქმას.

ლინდა/მეგოტი - მაღალი ლამაზი გოგო, რომელსაც 1950-იანი წლების ქვედაბოლოები აცვია. 

რიკ - უკეთია დიდი სათვალე, ისეთივე როგორც რიჩარდ ჰეინს. ის მის სახეს ფარავს.

ეს არიან პიროვნებები, რომელთა იდენტობა ყველაზე მეტად არის გამოხატული ჯენიში და რომლებსაც ყველაზე ხშირად იყენებს მსხვერპლი.

როდესაც ძალადობის შესახებ ჯენის დედამ გაიგო, რომელიც ჰეინსს 1984 წელს გაშორდა, აქტიურად დაიწყო სასამართლოებში სიარული, თუმცა რამდენიმეწლიან დავას შედეგი არ ჰქონდა, რადგან ჯენის ისტორია ბევრს ეჩვენებოდა საეჭვოდ, ხოლო ზოგიერთი სპეციალისტი უარს ამბობდა მოეკიდა ამ საქმისთვის ხელი. 

ჯენიმ მთელი თავისი სიცოცხლე სწავლას მიუძღვნა და ფილოსოფიის მაგისტრის ხარისხის მოიპოვა. მიუხედავად განათლებისა, მას მუშაობა უჭირს. ჯენი ჰყვება, რომ ადამიანებთან ურთიერთობა მისთვის სირთულეს წარმოადგენს, რადგან უმრავლესობას არ გააჩნია ცოდნა ამ დაავადების შესახებ და მას უწევს მუდმივად იფიქროს ადეკვატურობაზე, როდესაც მისი ერთ-ერთი პიროვნება გარეთ გამოსვლას ლამობს და ამავდროულად შიგნიდან 2500 ადამიანის ხმა ესმის. 

ავტორი: ანეტი მიქელაძე