ჩარკვიანი - ბოკერია სააკაშვილის დროს უშიშროების საბჭოს მდივანი იყო, დღეს კი, „ნაციონალურ მოძრაობას“ აკრიტიკებს

17:47 09-14-2019
225

„ძალა ერთობაშიას“ წევრი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ „ევროპულ საქართველოს“ არ ენდობა.

მისი განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების დროს გაერთიანებულ ოპოზიციას „ევროპული საქართველოსგან“ ლანძღვის მეტი არაფერი მიუღია.

„12 პარტია ვართ და მე მაქვს ჩემი აზრი. ასეთ წარმატებულ პროექტს ძირი არასოდეს უნდა გამოუთხარო, რასაც ვხედავ, რომ ძალიან დიდი ხანია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები აკეთებენ. მათი განცხადებებიდან გამოვდივარ, ყოველთვის, იქნებოდა ეს ოთო კახიძე თუ თამარ ჩერგოლეიშვილი. მაგალითად, გიგა ბოკერია იყო მიხეილ სააკაშვილის უშიშროების საბჭოს მდივანი, პრაქტიკულად იდეოლოგი და უხერხულია, დღეს გამოდიოდეს და აკრიტიკებდეს „ნაციონალურ მოძრაობას“. სასაცილოა ეს ყველაფერი. უხერხულ ფორმას იღებს პიროვნულად, კაცურად“, – აღნიშნა ჩარკვიანმა.

„მათ საკუთარ განაკვეთს უღალატეს და „ნაციონალების ხმებით“ მოხვდნენ პარლამენტში, რატომ უნდა ვენდო? პოლიტიკური გარიგება არის ყოველთვის, როცა გაჭირვების ჟამს ზუსტად მწვავე ოპონენტის, პოლიტიკური მტრის წისქვილზე ასხამ წყალს და ერთი-ერთში მის სასარგებლოდ განცხადებას აკეთებს“, – განაცხადა ჩარკვიანმა.