16 სექტემბრიდან ვარაზისხევიდან პიქსელის შენობამდე მოძრაობა ცალმხრივად აღდგება

17:03 09-14-2019
24

თბილისის მერიის განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირზე, ვარაზისხევიდან პიქსელის შენობამდე მონაკვეთზე, 16 სექტემბრიდან ცალმხრივად აღდგება მოძრაობა. გადაადგილება მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით იქნება შესაძლებელი.

ვაკიდან მელიქიშვილის ქუჩისკენ მოძრაობისას, ტრანსპორტი გაივლის აბაშიძის ქუჩას, საიდანაც ჭავჭავაძის გამზირს მირცხულავას, ბაზალეთისა ან ერისთავის ქუჩებიდან დაუკავშირდება. კეკელიძის ქუჩის მხრიდან ფალიაშვილის ქუჩაზე მოძრავი ტრანსპორტიც ჭავჭავაძის გამზირზე ამავე ქუჩებიდან ჩაუხვევს. ნაწილობრივ შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. ავტობუსები #9 და #59, ასევე მიკროავტობუსები #32, #35, #120, #126, #137, #170, #171 და #202 აბაშიძის ქუჩიდან ჩაუხვევენ ბაზალეთის ქუჩაზე, საიდანაც ჯერ ჭავჭავაძის გამზირს, შემდეგ კი მელიქიშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი უკუმიმართულებით გაივლის კეკელიძის, ფალიაშვილისა და თაქთაქიშვილის ქუჩებს, საიდანაც ჭავჭავაძის გამზირზე მოხვდებიან. შატბერაშვილის ქუჩიდან სადგურის მოედნისკენ მოძრავი #66 ავტობუსი მრგვალი ბაღიდან ჯერ ერისთავის, შემდეგ კი ფალიაშვილის ქუჩაზე შეუხვევს და ჭავჭავაძის გამზირს ბაზალეთის ქუჩიდან დაუკავშირდება.

ჭავჭავაძის გამზირის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. თბილისის მერიის დაპირებით, გზის ორივე მხარეს ველობილიკები მოეწყობა, შუაში კი ავტობუსის ზოლები იქნება.