იუსტიციის სამინისტრო - 9 სექტემბრიდან სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვებზე 26 პირადობა გაიცა

15:54 09-14-2019
67

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, 9 სექტემბრიდან დღემდე 8 სხვადასხვა კლინიკაში დაბადებულ,  26 ბავშვზე პირადობის მოწმობა გაიცა. 

ასევე განმარტავენ, რომ ბავშვთა უფლებების დაცვა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, მათ შორის უმნიშვნელოვანესია იმ მცირეწლოვნების ინტერესების დაცვა, რომლებიც  ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) გზით დაიბადნენ ან დაიბადებიან.

„ბავშვთა უფლებების დაცვისა და ბავშვთა ტრეფიკინგის თავიდან აცილების მიზნით, 2016 წელს საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგინდა საქართველოში ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) გზით დაბადებული ბავშვის საქართველოდან გასვლის წესი. სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის ქვეყნიდან გაყვანა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მათ სახელზე გაცემულ დაბადების მოწმობაში ორივე მშობელია მითითებული. აღნიშნული რეგულაციები უზრუნველყოფს მცირეწლოვნის არამართლზომიერი გადაადგილების თავიდან აცილებას მისი მშობლების მონაცემების დადგენამდე.

ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით, სახელმწიფო ბავშვთან ერთად იცავს  სუროგაციის პროცესში ჩართული ყველა  პირის (პოტენციური მშობლების, სუროგატი დედის, დონორის) ინტერესებს. კანონმდებლობით, პოტენციური მშობლები დაცულნი არიან სუროგატი დედის ან დონორის მხრიდან არამართლზომიერი დავისაგან, დონორი და სუროგატი დედა კი - მათი პერსონალური მონაცემების გამჟღავნებისაგან.

პროცესში ჩართული თითოეული პირის უფლებების დაცვა  კი შესაძლებელია მხოლოდ  კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებით. კერძოდ, სუროგაციით დაბადებული ბავშვის დაბადების რეგისტრაციისათვის აუცილებელია, დაინტერესებულმა პირებმა წარმოადინონ: 1 - ექსტრაკორპორული განაყოფიერების დამადასტურებელი საბუთი; 2 - ექსტრაკორპორულ განაყოფიერებამდე სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება, რომელიც ფორმდება დაინტერესებულ პირთა შორის: პოტენციური მშობლები, სუროგატი და დონორი (სუროგაციის პროცესში დონორის მონაწილეობის შემთხვევაში).

თუ საქმისწარმოებისას გამოვლინდება, რომ სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება დადებულია ექსტრაკორპორული განაყოფიერების შემდგომ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამისი სამსახური იღებს უარყოფით გადაწყვეტილებას მშობლების მონაცემებით ახალშობილის დაბადების რეგისტრაციის თაობაზე. ასეთ შემთხვევაში, სააგენტო, სოციალური მომსახურების სააგენტოს მომართვის საფუძველზე, არეგისტრირებს ახალშობილის დაბადებას  მშობლების მონაცემების მითითების გარეშე,“- აცხადებენ სამინისტროში. 

ცნობისთვის, სუროგაციის საერთაშორისო ქსელის, New life global-ის ხელმძღვანელმა მარიამ კუკუნაშვილმა და  უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ღამე ჩვილ ბავშვებთან ერთად იუსტიციის სახლში გაათენეს.

მათი მოთხოვნა, სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვებისთვის დაბადების მოწმობის გაცემაა.

როგორც მარიამ კუკუნაშვილმა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას განაცხადა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბავშვები სამშობლოში ვერ მიჰყავთ, რადგან მათთვის ბავშვის დაბადების მოწმობის აღებას ვერ ახერხებენ.