ზუგდიდის მერია - შაბათი არა ინტელექტუალთა, არამედ ინტელექტუალური თამაშების დღედ გამოცხადდა

14:24 09-14-2019
20

ზუგდიდის მერია გამოეხმაურა საზოგადოების უარყოფით რეაქციას, მერის გიორგი შენგელიას ინიციატივით შაბათის ინტელექტის დღედ გამოცხადების შესახებ.

მერიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ  ინფორმაცია საზოგადოებაში არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა.

„გვინდა გამოვეხმაუროთ საზოგადოებაში არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს შაბათი დღე გამოცხადა ინტელექტუალთა დღედ, რეალურად, შაბათობით ჩვენს ქალაქში გაიმართება სხვადასხვა ინტელექტუალური თამაშები და იქნება ინტელექტუალური თამაშების დღე. დღეიდან სწორედ შაბათი გახდება ინტელექტუალური თამაშების დღე, სადაც 14 წლიდან მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა შექმნან 6 კაციანი ჯგუფი, შემოიტანონ განცხადი მერიაში და ჩაერთონ ინტელექტუალურ თამაშებში. ინტელექტუალური თამაშები გაიმართება შემდეგი მიმართულებით: რა? სად? როდის? ასევე გაიმართება, ბრეინ რინგი, ჯეპარდი, თემატური ქვის ტურები, კროსვორდ ტური და ინტელექტუალური დუელი”, - აცხადებენ მერიაში.

პირველი თამაში დღეს დადიანების სასახლის ეზოში გაიმართება.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზუგდიდის მუნიციპალტეტის მერის ინიციატივით, ყოველი შაბათი ინტელექტის დღედ გამოცხადდა, მერიამ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გუშინ გაავრცელა.აღნიშნულს, საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან სოციალურ ქსელში უკმაყოფილება და ირონიული კომენტარები მოჰყვა.

მერიაში აცხადებენ, რომ ახალგაზრდებისგან შემოსული ინიციატივების შესაბამისად ზუგდიდის მერიამ ყოველი კვირის პარასკევის, შაბათის და კვირის დატვირთვა სხვადასხვა კულტურული და ინტელექტუალური ღონისძიებით გადაწყვიტა.

ავტორი: თეა შონია